kid a

წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, რომელიც რაღაცას აშავებს. „რაღაცა“–ში ბევრი რამის წარმოდგენაა შესაძლებელი. მაგალითად, რამეს ამტვრევს, ტეხავს ან კიდევ მილიონი სხვა რამ. და რატომ??? იმიტომ, რომ ეს მას სიამოვნებას ანიჭებს. არსებობს მეორე ადამიანი, მასზე უფროსი, რომელიც ცდილობს ამ პატარა ბავშვს აუხსნას, რომ ეს საქციელი არ არის კარგი საქციელი. უხნის არა ერთნაირად, არამედ მრავალნაირად, მრავალი განსხვავებული გზით. უნდა, რომ ეს პატარა ბავშვი უკეთესი გახდეს მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უკვე თავნებაა და როგორც თვითონ უნდა, ისე იქცევა. და ეს უფროსი ადამიანი ბედნიერია. კიარადა ორივე ბედნიერია. ბავშვიც სწავლობს უფროსისგან და უფროსიც ხედავს შედეგებს. ბავშვი არაფერს ტეხავს და უფროსი ძალიან უყვარს. ცხოვრობენ ისინი მეგობრულად და კარგად.
გადის დრო, მათ ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, რომელიც ცივდება. უფროსი ცდილობს მკაცრი იყოს და ამიტომაც ცდილობს დისტანციის შეგრძნებას მიაჩვიოს ბავშვი. ბავშვი ამას ძალიან განიცდის, რადგან მის გარდა არავინ ჰყავს გულშემატკივარი. და ამ დროს ის ისევ დაჯდება და დაიწყებს რაღაცის მტვრევას. თუმცა ეს ხდება მხოლოდ ერთხელ და ამის შესახებ უფროსს არაფერს ეუბნება. თვლის, რომ უფროსისგან ერთი ამბის დამალვა არ არის დიდი დანაშაული.
გადის დრო. ბავშვი ხვდება, რომ არ უნდა დაემტვრია, არ უნდა გაეტეხა, რადგან ამით უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს ავნო. ტირის ბევრს, განიცდის, უნდა, რომ ვიღაცას მოუყვეს, რაც ჩაიდინა, მაგრამ შვებას ვერავისთან პოულობს. ყველასი ერიდება და ვერავისთან ახერხებს გულის გახსნას.
გადის დრო და მას უფროსთან ურთიერთობაც ნელნელა უწესრიგდება. ის ისევ თბილია ბავშვის მიმართ, ისევ მზრუნველი, ძალიან მზრუნველი და ორივენი ისევ მეგობრულად და კარგად ცხოვრობენ. თუმცა ამ კარგად ცხოვრების ფონზე ბავშვი ხვდება, რომ იმ დანაშაულის შესახებ უფროსს უნდა უამბოს. უნდა უამბოს მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანმა, ვინც ამ დანაშაულის ჩადენას შეესწრო, უთხრა, არავის არაფერი მოუყვე და განსაკუთრებით კი უფროსსო. და ბავშვი ითმენს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ეს თხოვა, არამედ იმიტომ, რომ ეშინია უფროსთან ურთიერთობის გაფუჭების.
გადის დრო და ბავშვი უკვე ხვდება, რომ ყველაფერს ფარდა უნდა ახადოს. უფროსს ყველაფერს გახსნილად უყვება. რა იყო და როგორ. უფროსი კი ბრაზდება. ბრაზდება იმდენად, რომ საერთოდ აღარ უნდა მასთან ურთიერთობა. მიიჩნევს, რომ მთელი ის შრომა თუ მზრუნველობა, რაც გასწია ბავშვზე, წყალში ჩაეყარა. ბავშვი უმტკიცებს, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ უფროსი მაინც თავისას ამტკიცებს და ძალიან გულნატკენია. ბავშვს უნდა, რომ უფროსმა მას აპატიოს, პირობას აძლევს, რომ გამოსწორდება და ისევ ისე იმეგობრონ, როგორც ადრე მეგობრობდნენ. ძალიან უყვარს იგი და მასზე ახლობლად არავის მიიჩნევს. თუმცა იმ ნაბიჯისთვის, რასაც უფროსი მისგან ითხოვს, ბავშვი ჯერ მზად არ არის.
იგავ–არაკი არ სრულდება და აქ წყდება. და ვისაც შეუძლია, სურვილი აქვს და არ ეზარება – დაასრულოს იგი თავისი შეხედულებისამებრ. ოღონდ ბავშვისა და უფროსის მაგივრად ჩვეულებრივი ზრდასრული ადამიანები წარმოიდგინოს.

The Skin I Live In

off: ვისაც არ გინახავთ პოსტის სახელწოდების მქონე ფილმი და აპირებთ ნახვას, არ წაიკითხოთ ეს პოსტი, ვინაიდან განხილვას ვწერ მისი შინაარსიდან გამომდინარე. 



ოხ, პედრო, პედრო, რას გვერჩოდი ამ სუსტი გულის ხალხს?! არადა ეს ხომ ზუსტად ის ფილმი იყო, რომელსაც ასნაირად ავარიდე თავი ინტერნეტში, მაგრამ მოხდა ისე, რომ ოჯახური კინო-სეანსი მოვაწყვეთ და კინოში წავედით.



სცენა N 1: რობერტი (ბანდერასი) შედის თავის ოთახში, სადაც უზარმაზარი მონიტორის საშუალებით თვალს ადევნებს შიშველ ვერას (ანაია). არადა გვერდი-გვერდ ოთახებში არიან. შიშველი ვერა წალოწოლილია და თითქოს სძინავს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მას სხეული აქვს დასერილი და სისხლი სდის.

დაიძაბეთ არა???

გჯერათ წინა ცხოვრების??? მართლა მაინტერესებს ეს ამბავი თუ არა, არ ვიცი. შეიძლება არც კი. ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, ბიჭი ხარო. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭივით:
  •  ჩაცმა მიყვარს. სპორტული და მოსახერხებელი ტანსაცმელი. 
  • სპორტი მიყვარს. ადრე უფრო მეტად მიყვარდა, ახლა დრო აღარ მაქვს. 
  • ვიქცევი ხშირ შემთხვევებში. ან შეიძლება ვერ ვიქცევი იმის გამო, რომ გოგო ვარ.
  • ზარმაცი ვარ. 
  • მინდა მქონდეს მოკლე თმები და უმაკიაჟო სახე.
  • ბოხი ხმა მქონდა ბავშვობაში და დღესაც კი ახალგაღვიძებულს ბოხი ხმა მაქვს. 
  • მინდა არაფერი მენაღვლებოდეს და არ ვიყო მგრძნობიარე. 
  • ბიჭებთან მეგობრობა უფრო მიადვილდება, ვიდრე გოგოებთან. 
  • ვერ ვიტან დიასახლისურ საქმეებს.
არამედ ამ ყველაფრის და კიდევ რაც არ გამახსენდა, იმათ გამოც.

     სცენა N 2: ვისენტე კარგი ბიჭია. ან შეიძლება ითქვას, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია და არის სიმპატიური. დედამისს აქვს ტანსაცმლის მაღაზია და თვითონ კი მოტოციკლეტით დაქრის გასართობად. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მან ქორწილში ნორმა გაიცნო და მასთან გართობა გადაწყვიტა. ოღონდ ვერ გაურკვევია იგი ნორმას აუპატიურებს თუ არა, რადგან ნორმა ფსიქიკურად დაავადებული პატარა გოგონაა, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა დედამისის ფანჯრიდან გადმოხტომა და სიკვდილი. 

     და მაინც, რას გვერჩის პედრო?
     პედრო იმას გვერჩის, რომ გამუდმებით პროტესტს გამოხატავს სამყაროს წინაშე. ის ებრძვის ყველას თავისი ფილმებით. უპირველესად კი ჰოლივუდს და კანს. ან უბრალოდ ხალხს ჰგონი ასე. ჰყავს რამდენიმე გამორჩეულად საყვარელი მსახიობი: ანტონიო ბანდერასი, პენელოპა კრუსი, მეტი არავინ მახსენდება, რადგან მხოლოდ Los Abrazos Rotos მაქვს ნანახი და მეტი არაფერი.



     ამ ფილმის ნახვის შემდეგ ორივე სქესის ადამიანი შემებრალა. ვისენტე შემებრალა, რადგან მასზე იძალადეს და გახადეს ქალი. ქალი, რომელსაც უნდა ჰქონდეს აქტიური სექსუალური ცხოვრება მამაკაცთან. იგულისხმება ძალადობაც და უბრალო რიგითი სქესობრივი კავშირიც. და თუმცა ყოველი ასეთი კავშირი ტკივილთან ასოცირდება, იგი მაინც აკეთებს ამას. ნორმა კი იმიტომ მებრალება, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. განა იმსახურება ის დამწვარი დედის სიკვდილის ხილვას ან ვისენტეს მიერ მის გაუპატიურებას თუ მის მცდელობას?!

     წარმოიდგინეთ როგორ გადაიქცა სიმპატიური ვისენტე ლამაზ ვერად??? როგორ და აი ასე:















     ბოლოს ქალი იმარჯვებს. და საერთოდაც, ეს ქალების ფილმია. ქალის სიძლიერეზეა და მამაკაცის დამცირებაზე. პედროსაც ხომ ზუსტად ეს უნდოდა ეჩვენებინა. ყველგან ქალებს ამცირებენ, მან კი გადაწყვიტა გაენადგურებინა მამაკაცთა მოდგმა და მოახერხა კიდევაც.


     საერთოდ ალმადოვარი ქალების რეჟისორია. და მაშინ, როდესაც მსახიობ მამაკაცებს უფრო მეტი როლი ხვდებათ წილად, პედრო ცდილობს ეს დისბალანსი გამოასწოროს. ხოდა აი ამიტომაც იგი ქალების რეჟისორია. ის თავის ფილმებს ქაალებით ამდიდრებს. და თუ ადრე მისი მუზები კარმენ მაურადან მოყოლებული პენეთი დამთავრებული, ახლა უმშვენიერესი ელენა ანაიას დრო დადგა. ოღონდ ისეთი მცირედი როლით არა, როგორიც მას "ესაუბრე მას"-ში ჰქონდა. პედრომ იგი ანტონიოს გვერდით დააყენა და არც ინანა.



     ზოგი ამბობს, პედრო დაბერდაო, რა ცუდი ფილმი გადაიღოო. მე არ ვიცი ამაზე პასუხი, რადგან კიდევ ვიმეორებ, მისი ფილმები არ ვიცი. მაგრამ ვინც იცის, იმის პასუხს დავდებ: "ალმოდოვარი დაბერდა!" - ამას რომ მეუბნებიან, სულ მინდა ხოლმე ვუპასუხო, "თქვენც დაბერდებით". (c) გოგი გვახარია და მისი არაჩვეულებრივი სტატია ფილმის შესახებ.
     
ესეც თქვენ :)





2 რამ, რაც მოხდა ფილმის ნახვის შედეგ:
1)რამდენიმე დღე თავი ბიჭი მეგონა და ზოგჯერ ახლაც წამომივლის-მეთქი.
2) ჩემი ძმაკაცის შეტყობინება: "ალმადოვარი გინდა ახლა ზუსტად! თანაც ის კანი, რომელშიც შენ ცხოვრობ საერთოდაც არ მოგწონს."