So...


     ახლა როგორ ვარ??? ჩემს დიდ სკამზე ვარ წამოწოლილივით. მადლობა ვიღაცას, რომ ეს სკამი დამიდგა. გემრიელად მოკალათებულს სულაც არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ სამსახურში ვარ და განწყობა სხვანაირი უნდა მქონდეს. ყურში მშვიდი და ამინდის შესაბამისი ჰანგები და მშვიდად ვარ. მიყვარს ზაზა მარჯანიშვილი და თბილისიდან ვუსურვებ მას პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს. ერთი პერიოდი ჩემი გზის მელოდია იყო ის, რასაც ახლა ვუსმენ. სახლიდან სამსახურამდე მხოლოდ „So...“, სამსახურიდან სახლამდეც მხოლოდ „So“. საერთოდ ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ მუსიკასა და სიმღერას გაცილებით დიდი ძალა აქვთ, ვიდრე ნათქვამ სიტყვებს.


გუშინ მია ჩემთან დარჩა. მორიგი „ელვისობა“ გვქონდა, როგორც პერწკლმა უწოდა. შემდეგ სახლში წამოსვლისას აი ასე სპონტანურად ვუთხარი წამოდი ჩემთან–მეთქი. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ჩემი უბანი, ქუჩა, ეზო სასწაულად მიყვარს და გუშინაც ეგ მომენტი იყო ჩემს გონებასა შიგან.  ჩემთან მისვლისას მალევე მიას გემოვნებით გემრიელი ფუნთუშები ვიყიდეთ. აი ისეთი გემრიელი, მია როგორის სურათებსაც დებს ხოლმე.
მისივე თხოვნით გავაკეთე ფბ–ის ანგარიშის რეაქტივაცია. შევედით ჯერ იქ, მერე იქ. სასიამოვნო ფილმი გვინდოდა, რომელიც არც ერთს არ გვექნებოდა ნანახი. ასეთი რომ ვერ გავიხსენეთ, ისევ ძველი „What happens in Vegas” ჩავრთეთ და სიცილ–ხარხარშიც დრო გავიდა.
     მე მაინც ის მერკანტილური სულელი ვარ, რომელიც გამუდმებით უდიდეს ყურადღებას აქცევს მერკანტილურ სისულელეებს. აი მაგალითად, როგორ ახრამუნებს მია ჩიფსებს ან როგორ მოუხდა ჩემი შინდისფერი ქვედაკაბა. ან აი ის, თუ როგორი თვალებით ვუყურებდით რაფაელისა და როჯერის (მე მას ხან როჟეს ვეძახი, ხან როჟერს, ხან როჯეს და ხანაც აი ასე, ანუ როჯერს) ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ და ძლიერ თამაშს. ვინმემ იცოდა, რომ ბავშვობაში ჩოგბურთის ყურებას ძალიან დიდ დროს ვუთმობდი??? არც არავინ. რადგან ახლა აღარ არის ის ადამიანი, ვისთან ერთადაც შემიძლია დავჯდე და დავტკბე ერთობ ნაცნობი სპორტსმენების თამაშებით.
     იცით რა ტკბილად და თბილად გვეძინა?! იდეაში ესეც ერთ–ერთი მერკანტილური სისულელეა. რომ შეგიძლია ბალიშებზე თავების დადებისას ისაუბრო რომანის გმირებზე, გაარჩიო მათი პირადი ცხოვრება, დაახასიათო ისინი და რაც უფრო მეტად აკვირდები მათ, მით მეტად გიყვარდება ისინი. 
     ან რა სასიამოვნოა პუტკუნა მეფუნუშესთან საუბარი, როდესაც იცი, რომ ის გემრიელი და თბილი ფუნთუშებით გამოგიშვებს.
   
  დღეს უკვე 31 აგვისტოა და ველოდები შაბათ-კვირას, როდესაც მია კვლავ ჩემთან. აუ ეს იქნება ძალიან მაგარი დღე. 

ხშირად...

ხშირად მგონია, რომ სერიოზული პრობლემები მაქვს ადამიანებთან ურთიერთობისას...
მილიონჯერ მეტკინება გული და ბედნიერი არასოდეს ვიქნები. არავისთან. 
მერე მეც დავჯდები და ბევრს ვიტირებ ამის გამო, ვინერვიულებ და ისევ ვიტირებ. 

აი ახლაც ანალოგიური სიტუაცია...
აუ არადა, აი რატომ??? სად ვცდები??? სად მეშლება???




: P

ძილის წინ მოსასმენ სიმღერათა პიკანტურობები... :))))


კიარადა...
ერთ-ერთი მათგანი..


Is this goodbye???



       Junior Boys – This is goodbye ვის აქვს მოსმენილი ჩემი და გორეცკის გარდა??? პრინციპში არც არავის რომ ჰქონდეს, არ გამიკვირდება, რადგან მე ნინასთან ფბ-ზე მოვისმინე ეს სიმღერა და ეგრევე დავამატე მოსასმენ სიმღერათა სიაში (ე.წ.playlist-ში).
       გუშინ სოფიმ მკითხა, შენ მართლა ასეთი მგრძნობიარე და ემოციური ხარ თუ ცხოვრებაში უფრო ცივად იქცევი ხოლმე?! დავჯდები და ვიფიქრებ ამ საკითზეო. ხოდა სანამ სოფი ფიქრობს და დასკვნებამდე ნელნელა მიდის, მე პოსტს ვწერ და თან ვფიქრობ, რომ ბლოგზე წერა თითქოს მიძნელდება. არადა იდეაში ისევ ისე უნდა ვიყო. რადიკალური და კარდინალური ცვლილებები არ შეინიშნება. ისევ ისეთი ვარ და ყველაფერი ძველებურადაა.


       მიხარია მეგობარი ბლოგერების ნახვა. თუ ბლოგერი მეგობრების... არ ვიცი, რომელია შინაარსობრივად სწორი. უბრალოდ ბლოგერებს შორის არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ. არასოდეს მბეზრდებიან და ყოველთვის მიხარია მათი ნახვა/სტატუსი/პოსტი/კომენტარი/სიცილი და აზრების სმენა. გუშინწინაც ეგეთი დღე იყო. თავისი პიცით, სიცილით, აზრებით, მიამიტობით, კამათით, ბოდიალით, ჩახუტებებით, ტაქსით, დაღლით და სიამოვნებით. აი მაგალითად მია, ზურაპერწკლი და კიდევ სხვები, რომლებსაც სხვა დროს ვნახავ.
       თუ სადმე არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველდღე ამბობს, რომ მას უკვე ცოტა ხნის სიცოცხლე დარჩენია და უკვე ცალი ფეხით იქითაა, ეს ადამიანი აუცილებლად მეგრელია, სუფთა მეგრული სახელითა და გვარით და აუცილებლად ბებიაჩემია. ხანდახან რომ წარმოვიდგენ, რომ მას რამე ემართება, მე მომენტალურად სიკვდილი მინდება. ვერ წარმომიდგენია დღე, როდესაც ის არ იქნება. ვერ წარმომიდგენია ასეთი დიდი სახლი მისი დიასახლისობის გარეშე და ვერ წარმომიდგენია მისი ლოგინი მის გარეშე, რომელშიც აგერ უკვე 24 წელია მიყვარს რბილად შეგორება და დაძინება.
       შემოდგომის პირველ რიცხვებში თუთაკა ჩადის პირველად. დედაჩემი, ჩემი და. ყველა ჩემ გარდა. სამსახურიდან ორი დღე ვითხოვე – ხუთშაბათი და პარასკევი და შაბათ–კვირას გადავაბამდი. ხელფასის დაქვითვით რათქმაუნდა. არ მიშვებენ. მთელი ეს დღეები ვარ მოშხამული.        დიდე კი იქიდან მირეკავს და მეუბნება: მომენატრეო. მე კი ერთგულად ვურახუნებ ყოველდღე 8 საათი მე რომ არ მიყვარს, ისეთ კლავიატურას და ვუყურებ სხვა მოხუცებულ ხალხს, ჩემის მაგივრად. დღეს მაგალითად, გაჩერებაზე ვიდექი და მოხუცებული ქალი შევნიშნე, რომელიც ძლივს ადგამდა ნაბიჯებს. დიდე გამახსენდა. ნეტავ იქ როგორ არის–მეთქი. მინდა მასთან ყოფნა, მეც მისნაირი მშვიდი ვხდები და ვწყნარდები. ჩვენი ოჯახური კონფლიქტების წამალია და ჩვენც უფრო საყვარლები ვხდებით. მერე მე გული მწყდება, რომ დიდედა ( ანუ დიდი დედა, ანუ დედის დედა) ისეთი ახალგაზრდა აღარ არის, როგორიც მაშინ იყო, როდესაც მე ფაფას მაჭმევდა და ბევრს მეფერებოდა. (offtopic: ისე პოსტის წერისას დიდეს რომ ვახსენებ, სულ მეტირება ხოლმე და კიდევ კარგი სამსახურში ასეთ რამეებს ვერავინ მამჩნევს, თუ ვინმე არ დამიჯდა ცხვირწინ).
       დიდე ახლაც მეფერება და თუ არსებობს ვინმე, ვინც მეფერება – ეს მხოლოდ დიდედაა. მინდა, რომ გიოშაც მეფერებოდეს, მაგრამ გიოშა მხოლოდ თავის სათამაშოებს ეფერება და იხუტებს; მე მისთვის ჯერ–ჯერობით ვიღაც, ვისაც შაბათ–კვირას ხედავს. ვიღაც, ვისაც შაბათ დილით ხელებს ურტყამს სახეში, რომ გააღვიძოს და ვიღაც, ვისაც შეუძლია კომპიუტერში „ბაბაბა“–ს (ანუ „ბასტი ბუბუ“–ს + „ობობა“) ჩართვა.


      მივხვდი, რომ მეგობრებს უნდა გაეკიდო, დაეწიო, შეეცადო ყველაფერი აუხსნა. ყველაფერი იღონო მათ შესანარჩუნებლად. მაგრამ თუ შეამჩნევ, რომ ამ ყველაფერს აზრი აღარ აქვს და ამ ყველაფრისგან შენ უკვე ტირილამდე ხარ მისული, მაშინ უბრალოდ უნდა მოტრიალდე და შენი გზით წახვიდე. ხო, ამას დღეს მივხვდი, 24 აგვისტოს. მაშინ, როდესაც ძალიან ძვირფას ადამიანს გული 100 თუ არა, 95%-ით მაინც გადავუშალე. თან ცრემლნარევი თვალებისა და ნერვიულობის ფონზე. კიდევ კარგი წინ არ მეჯდა, თორემ კანკალი და ტირილი ერთად ამივარდებოდა. ხოდა ვნახოთ რა იქნება. ველოდები, will this be goodbye of our friendship or not...


დავიღალე.

დასვენება მინდა.

თუნდაც ზამთრის სახლში.

აბა ზაფხული უკვე კარს იხურავს და უჩინარდება 1 წლით.

A Moment Of Madness

ჩემი მია ისეთი ჩემია.
მეტი რომ არ შეიძლება.
აი მაგალითად ერთ-ერთ პოსტში დაწერა:
იცი, რას დავაკვირდი? ადამიანებს ყველაზე მეტად მშვიდი მიდგომა განაიარაღებს. აი ხომ დგას, ჩხუბობს, ჩხუბობს. შენგანაც ელოდება, რომ შეეწინაღამდეგები და წინასწარ ემზადება, რომ უფრო მეტად გაბრაზდეს. ამის მაგივრად რომ მოუსმენ, დაეთანხმები და თანაუგრძნობ, ჩხუბის მიზეზი აღარ რჩება და ჩერდება.ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა და ყველამ ვიცით, მაგრამ რა მაგარია, როცა პრაქტიკაში ახორციელებ და შენთვის გეღიმება ყოველ შედეგზე.
ხოდა ამის შესახებ მომინდა ახლა, მოულოდნელად პოსტის დაწერა. აი მართლა რა ბედნიერი ვარ მე, როდესაც შემიძლია ვიჩხუბო, ვიკივლო, ვიტირო, აგრესიული და უხეში ვიყო, ვიწიწინო (ხანდახან უაზროდაც), და ა.შ. და ა.შ. შემდეგ მოვემზადო, რომ ის უარესს მეტყვის, დამიწყებს ჩხუბს, გაგიჟდება როგორ თუ ეგრე მესაუბრებიო და ამ დროს კი უბრალოდ მეტყვის ერთადერთ და განუმეორებელ სიტყვას:
კარგი.
მერე მე ვმშვიდდები და მინდება ვუთხრა ერთი, ახლა უკვე ბანალური სიტყვა საერთოდ არაბანალური მნიშვნელობით. არა, მართლა სასწაულად მიყვარს და სერიოზულად განვიცდი იმას, რომ ადრე არ ვიცნობდი. მაშინ, როდესაც მეგობარი წამალივით მჭირდებოდა.

A moment of madness
It's happened before
It could turn into sadness or a civil war
You've got me changing all I ever thought

გააგრძელე სეხნიავ :)

(არც თუ ისე) ორიოდე სიტყვით...

    ბოლო რამდენიმე ხანია სულ ერთსა და იმავე საკითზე მეფიქრება. კიარადა იდეაში ამ საკითხზე სულ ვფიქრობ ხოლმე. რამდენი წელია. მაგრამ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მძაფრად მეფიქრება. მერე ნელ–ნელა რაღაც დასკვნებამდე მივდივარ.

    ადამიანი რა ინტენსივობითაც ხდება საქმიანი და დაკავებული, იმავე ინტენსივობით ივიწყებს მეგობრებს.

    არადა ახალი არაფერი მითქვამს. ამერიკა არ აღმომიჩენია პატარა სარკმლიდან და არც ველოსიპედი გამომიგონებია. უბრალოდ ნებისმიერი რამ, რაც ბევრს უთქვამს და უმტკიცებია, შენ თუ საკუთარ თავზე არ გამოსცადე, არ/ვერ იჯერებ. მეც ასე ვარ. თუ მე თვითონ არ გამოვცადე და დავინახე, რომ აი მაგალითად დრო ყველაფრის მკურნალია, უბრალოდ „დრო ყველაფრის მკურნალია“ ფრაზის არ მჯერა.

    ხოდა დავუბრუნდები ისევ იმავე საკითხს.

    ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ მე ზედმეტად მიყვარს ადამიანები. ა უი, აქვე ისიც უნდა მეთქვა, რომ ეს პოსტი თავიდან ბოლომდე ეხება მეგობრულ სიყვარულს და საერთოდ არანაირ კავშირში არ არის ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ ურთიერთობასთან. მაგ საკითხზე მე უკვე ბევრი ვისაუბრე, ვწერე, ვიფიქრე და აწი იმედია, აღარ მომიწევს.

    მიუხედავად ყველა იმ უარყოფით თვისებებს შორის რაც გამაჩნია, და მე ასეთი საკმაოდ ბევრი გამაჩნია, მაქვს ერთი დადებითი და ესაა ადამიანის სიყვარული. ოღონდ დღეს უკვე აღარ ვიცი, ეს რამდენად დადებითია. თუმცა როგორც ჩემს უარყოფით თვისებებს ვერ ვიშორებ, ანალოგიურად ვერ ვიშორებ დადებითებსაც.

    მერე ვიწყებ ხოლმე იმის განხილვას, რამდენად ნორმალურია ეს თვისება. ხალხს ვაკვირდები, ისინი როგორები არიან, როგორ იქცევიან, რას გრძნობენ ხოლმე, რას გამოხატავენ.

    საკმარისია ადამიანი გახდეს დასაქმებული, ის ცხვირს ზევით წევს თითქოს და მორჩა. იმისთვის N 1 საქმე არის „ჩემი საქმე“, რომელიც „აუ იცი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი დამრჩა გასაკეთებელი“ და სამაგიეროდ ამ ბევრ საქმეს ეწირება ურთიერთობები.

    თანამედროვე პირობებში, ანუ მაშინ, როდესაც წალეკილები ვართ ამ ახალი ტექნოლოგიებით და მეც ასეა თუ ისე, ვცდილობ ფეხი ავუწყო ამ ამბავს, ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას ადამიანებთან ურთიერთობა.

    მაგალითად იყო დრო, როდესაც სახლის ტელეფონიც კი სანატრელი იყო მასისთვის, არათუ მობილური. ის პერიოდიც მახსოვს, როდესაც ზუგდიდის ფოსტაში დავდიოდით მე და დიდე, რომ დედაჩემისთვის თბილისში დაგვერეკა. მერე გამოჩნდა მობილური ტელეფონი და ფოსტაში სიარული აღარ გვიწევდა. პარალელურად ბებიაჩემი მაინც უხსოვარი დროიდან წერილს გვწერდა, მობილური და ეგეთი სისულელეები საჩემო არ არისო. ნუ წერილს თუ აჯიკის ან ეზოს მწვანილის სურნელი ამშვენებდა, ეგ არასოდეს ყოფილა ჩვენთვის გასაკვირი. და მე რომ სულ ვბრაზდებოდი, ასეთი სასწაულად გაურკვეველი კალიგრაფია რატომ აქვს დიდეს–მეთქი, ეგეც კარგად მახსოვს. ახლა კი იქამდე ვართ მისულები, რომ რამდენიმე თვის წინ, skype-ით დავურეკე ჩემს დეიდაშვილს და დიდეს გიოთუთაკა ვანახეთ live-ში.

    ანუ ამით იმის მაგალითი მოვიყვანე, რომ დღეს უფრო ადვილია კიარადა ბევრად ადვილია ადამიანთან ურთიერთობა. ოღონდ ერთი პუნქტის თანხლებით: ამის სურვილი უნდა გქონდეს.

    მე მაგალითად ისე ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ლეპტოპი ( და ამ ფრაზის წერისას იგულისხმება ჩემი სახის უსაზღვროდ სევდიანი და desperate გამომეტყველება), მობილურის საშუალებით ყოველთვის მაქვს fb–სა თუ არაერთ მეილთან წვდომა. აღარაფერს ვამბობ მობილურის ბალანსის ქონაზე გინდ დასარეკად, გინდ სამესიჯოდ ( ძნელი მისახვედრი არ არის, რომ „ბალი“–თ ვსარგებლობ). თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩემი მობილურიც უძლური იყო. აი მაგალითად მიუნჰენიდან უპრობლემოდ ვუმესიჯებდი დედაჩემსა და ჩემს დას, თითქოს საქართველოში ვიყავი და მათგანაც მომდიოდა პასუხები, მაგრამ ვერც კალიარიდან და ვერც რომიდან ოჯახთან დაკავშირება ვერ მოვახერხე და კომპიუტერის მაგვარი კი რათქმაუნდა არაფერი მქონდა. მაგრამ აი ამ შემთხვევაში მთავარი იყო სურვილი და მერე მოხერხება. უფრო მეტად კი სურვილი.

    ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ურთიერთობაში ყველაზე მთავარია სურვილი. როდესაც ადამიანს აქვს სურვილი ურთიერთობისა, ამ ურთიერთობის ქონის იდეაც და ხერხიც მალევე მოვა გონებაში.

    არიან ადამიანები, რომლებიც კომპიუტერს არასოდეს თიშავენ. მე არა. მე ვთიშავ მიუხედავად იმისა, რომ ups მიყენია და თუ შუქი გაითიშა (საქართველოში ვართ და ეს მოვლენა არ არის გასაკვირი), აღნიშნული მოწყობილობა 10-15 წუთის განმავლობაში ისე იწრიპინებს, რომ ყველას გაგვაღვიძებს. უფრო იმიტომ, რომ ელექტრო–ენერგიას ვზოგავ. კიარადა, ოჯახის ერთობლივ ბიუჯეტს. მაგრამ რაც შეეხება, არასოდეს ვთიშავ. საერთოდ არასოდეს!!! 24 საათის განმავლობაში ვარ მისაწვდომი ანუ available. და ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღე–ღამის ნებისმიერ დროს შესაძლებელია ჩემთან დაკავშირება. მეგობრისთვის – ხომ მითუმეტეს. ჩემთვის არ არსებობს ფრაზა: „მძინავს და არ დამირეკო/მომწერო“. უბრალოდ არ არსებობს. იმასაც დავსძენდი, რომ ჩემი ტელეფონი მესიჯის მიღებისას გამოსცემს ერთადერთ ბგერას, ერთადერთს. და ჩემი ფხიზელი ძილის პირობებში ეგრევე მეღვიძება ხოლმე და მესიჯსაც ეგრევე ვნახულობ. ან თუ ძალიან გამოუძინებელი ვარ, მაშინ მაპატიოს ყველა მეგობარმა და მართლა მკვდარივით მძინავს. ამას ემატება ის მნიშვნელობანი შეხვედრები თუ თათბირები, რომელთა გამო იმ მომენტში ვერ ვნახულობ რაიმე სახის შეტყობინებას. თორემ მერე აუცილებლად ვუკავშირდები იმ ადამიანს რამენაირად მაინც. ჩემთვის არ არსებობს უპასუხო მეილები/ზარები/შეტყობინებები.

    პოსტი კი დიდი გამოვიდა და არ ვიცი ვინ როგორ გაიგო ჩემი სათქმელი. მე კი არც ბებიაჩემზე ვაპირებდი დაწერას, არც ლეპტოპის არქონაზე, არც საკომუნიკაციო სისტემის განვითარებაზე და მითუმეტეს – არც ჩემს ძილზე. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ როდესაც ადამიანი ღირებულია ჩემთვის, არასოდეს მენანება მისთვის არც დრო, არც თანხები, არც ლამაზი სიტყვები ( და ახლა უკვე სიცილაკებიც) და რაც ყველაზე მთავარია – არც ემოციები. ჩემთვის არ არსებობს „მეგობრის შეწუხება“, ჩემთვის არსებობს მხოლოდ „მეგობრის მოცდენა“. ვარ ეჭვიანი (ოღონდ მხოლოდ მეგობრის მიმართ!!!!!). შემიძლია ვიეჭვიანო სტეპლერზე და კომპიუტერზეც, თუ შევამჩნიე, რომ იმას უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე მე. გამორიცხული არ არის, ვუთხრა: შენ სტეპლერი უფრო გიყვარს, ვიდრე მე“. და თუ ვინმე მზად არ არის ჩემი გიჟური და ულიმიტო სიყვარულისთვის, მაშინ ის ადამიანი მზად არ არის იმისათვის, რომ იყოს ჩემი მეგობარი.

The Romantics

       

       O gosh, რა სასწაულად ძნელია, როდესაც შენი მეგობრის მეჯვარე უნდა იყო და ამისთვის ამ გოგოს მშობლების სახლში ჩადიხარ დანარჩენ საერთო მეგობრებთან ერთად. მმმ... არა, ეგ საერთოდაც არ არის ძნელი. ძნელი ისაა, როდესაც ეს მეგობარი იმ ადამიანს მიჰყვება ცოლად, რომელიც შენ დღემდე გიყვარს. ერთად იყავი მრავალი წელი, მერე ის უეცრად გაქრა და მერე უცებ მისი საცოლე გეპატიჟება ქორწილში და გთხოვს მეჯვარეობას.

       უუუუჰ!

        შენ შეგიძლია ახვიდე ოთახში და საქორწინო ვახშამზე სათქმელი ტექსტი გადაიმეორო. მმმ.. კი იმეორებ კიდევაც, მაგრამ თვალზე ცრემლი გადგება. ან შეიძლება არც. მაგრამ გულზე გადგება, რადგან გული გწყდება, რომ შენი საყვარელი ადამიანი ასე მარტივად გეცლება ხელიდან. და რა??? აი სულ რამდენიმე ხანში ის სხვისი ქმარი ისე გახდება, რომ შენ არავის გაახსენდები და ცხოვრებაც გაგრძელდება, შენც არავინ გაგიხსენებს. გარდა სასიძოსი.

        და მერე რა, თუ საქორწინო სუფრაზე შენ ყველაზე ნორმალური (სხვებთან შედარებით) სიტყვით გამოდიხარ?! არა, არც არაფერი. მაგრამ შენ უკვე იმდენად ნერვიულობ, რომ ვერც კი ამჩნევ, რომ დასალოც სიტყვაში ნეფისა და პატარძლის მაგივრად, ნეფისა და შენს სახელს ამბობ...



        "My friends got the nickname "The Romantics", რადგანაც ჩვენ მუდამ დაწყვილებულები ვიყავით. ჩვენ სულ გვიყვარდა ერთმანეთი."
დიახ, სიმართლეა, უბრალოდ ემოციები აკონტროლე, კარგი???
არ გადაეშვა ცრემლების მორევში და ნელნელა შეეგუე იმ სიმწარეს, რომ შენი საყვარელი ადამიანი სხვას ირთავს ცოლად. ძნელია, კი ვიცი. ძალიან ძნელია, კი ეგეც ვიცი.



და წარმოიდგინე ამ ყველაფრის მერე მდინარეში დაიკარგება სასიძო. არადა არც არსად, მას უბრალოდ ფიქრი უნდა. ფიქრი ყველაფრის შესახებ და შენ, ზუსტად შენ ხარ ერთადერთი 6 ადამიანიდან, ვინც მას პოულობს. მაგრამ ეს პოვნა ისაა, რაც ახსნა-განმარტებებს ითხოვს. და ღამე??? რომელიც ერთად გაატარეს... ვინმემ იცის ამის შესახებ??? არა, რათქმაუნდა! მეორე დღეს ხომ ქორწილია.


        "Lila, when I look at you, I'm speechless..."

       მე მაპატიეთ სპოილერობა, უბრალოდ დიდი ხანია ასეთი ფილმი არ მინახავს. ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ უკვე სადღაც მქონდა ნანახი, ნაგრძნობი... რა ძნელია, როდესაც ხედავ, რომ საყვარელი ადამიანი შენი აღარ არის და შენ უბრალოდ გვერდით დგახარ. მეტი არაფერი. და ტირილის გარდა არაფერი შეგიძლია.

საუნდტრეკები სასწაული აქვს.!!!

აუგუსტ

"კრენძელ'ჩიკები" ისინია, რასაც მე და გიოშა არ ვაჩერებთ. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ გიოშა ლოღნის და მე - ვშთანთქავ. 


პოსტი. პოსტი. პოსტი. 
არ ვიცი რაზე დავწერო. უფრო სწორად, თავში მხოლოდ Random აზრები მიტრიალებს და გული მიგრძნობს, ეს პოსტი შესაბამისი იქნება. 

* ოქროს საყურე დამეკარგა. ანუ 1 ცალი. მე ალბათ ძალიან ინდიფერენტული ვარ ხოლმე ასეთი მნიშვნელოვანი ამბების მოხდენის დროს. ზოგი მაგალითად ჩხუბის მე-3 კატეგორიაზე გადადის ხოლმე ამ დროს (არ დავასახელებ ნათესაურ სიტყვას, ადვილი მისახვედრია). მაგრამ მე "პოხუისტი" ვარ ისეთ ნივთებში, როგორებიცაა ოქროს საყურე, ბეჭედი, სამაჯური, კბილი, ნერვები და ა. შ. 
თუმცაღა
მთელი დღე ვატატას ვეზუზუნები ერთადერთი საყურე მაქვს და იმასაც ვერ მივხედე-მეთქი. ღამით მოვიხსენი, როდესაც ფრიად გავღიზიანდი ტკივილით, რომელიც ყურსა და ბალიშს შორის მოქცეულმა საყურემ გამოიწვია. ხოდა მოვიხსენი, იქვე შემოვდე, გაქრა. 

* ადამიანები ზედმეტ სიყვარულს არ იმსახურებენ-მეთქი, ამასწინათ "ავასტატუსე". ხოოოდა ეგ იყო და ეგ. ჩამოვაყალიბე ყველაფერი დეტალურად. იდეაში ახალი არაფერი, ყველაფერი იმაზეა დაფუძნებული, რომ მე საოცრად მიჭირს ვიღაცის "წიკებთან" და ვიღაც "წიკიანთან" ურთიერთობა. აა დაკიდევ იმაზე, რომ ურთიერთობაში აუცილებლად მოხდება არაერთი "fail" სიტუაცია და მთელი ბლა-ბლა-ბლა. აქვე აღვნიშნე, რომ მე ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი და ასე შემდეგ. 
თუმცაღა
მე და ის ადამიანი, ვისაც ეხებოდა ეს სტატუსი მალევე შევრიგდით. და მივხვდით იმას, რომ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები ვართ ერთმანეთისთვის. bullshit, მეგობრები არ ვართ, ვართ დაქალ-ძმაკაცი. ან შეიძლება არა-ბიოლოგიური და-ძმა. და ნუ დამიწყებს ახლა ვინმე ლექციის ჩატარებას იმის თაობაზე, რომ ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობა და დაქალ-ძმაკაცობა არ არსებობს. ამ და სხვა დანარჩენი bullshit ამბების სმენის ეტაპი გავიარე უკვე დიდი ხანია. I'ma big girl. 
და საერთოდაც, მეგობრობაზე ნელნელა მეცვლება აზრი. ვფიქრობ, ამ საკითხს ცალკე პოსტი მივუძღვნა თუ ბარემ აქ მოვილიო. აი ასე დაჯდები ერთ დღეს და შენი ცხოვრების ყველაზე არაგასამხელ თუ არაგამხელილ დეტალებს მოუყვები ბიჭს, რომელიც ხვდები, რომ ისაა.
კი, ნამდვილად ისაა, ვინც მთელი ეს წლები გაკლდა. ურთიერთობის რომელიღაცა დღეს მითხრა: ნეტავ ადრე გამეცანი. მაშინ, როდესაც გჭირდებოდი ყველაზე მეტად. ბევრ რამეში დაგეხმარებოდი და შენ გვერდით ვიქნებოდი. ბევრ შეცდომას აგარიდებდიო. მთელი ეს დრო ვფიქრობდი ამ სიტყვებზე, მაშინ უბრალოდ ძალიან მესიამოვნა.  დღეს, სეირნობისას, სიჩუმეში მოულოდნელად წამოვიძახე: აქამდე სად იყავიმეთქი. არც ვიცი ამაზე რა დავწერო. ეს იმდენად დამაფიქრებელი მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ახლა კი მის მიმართ პროტესტის გრძნობა მიჩნდება იმის გამო, რომ არ იყო ჩემი მეგობარი 5 ან მეტი წლის წინ. მაშინ არც ირაკლის გავაჩენდი და არც ჩემი სურეალური სამყაროს სხვა წევრებს. ან ის როგორ იყო, დღეს რომ მომაძახა: წადი ახლა სახლში, დაისვენე, ირაკლის გაესაუბრე და მერე მომწერეო. :)))))))))

* ყველა წავშალე, ვისთანაც კი ოდესმე ფლირტის მაგვარი მაკავშირებდა. ერთი მეორეზე. ფბ მაინც დამპალია. წაშლილი ადამიანის დაბადების დღე ამომიგდო. თუმცა მე ხომ ოსტატურად შემიძლია ვიყო სალი და ციცაბო კლდე. ხოდა არც არაფერი. ვითომც მომეჩვენა. სკაიპიც გამოვცვალე. მალე იმ მეილსაც გამოვცვლი, რომელზეც ეს წაშლილი ადამიანი წელიწადში ერთხელ ანეგდოტს მიგზავნის. თან არც მოკითხვა, არც გამარჯობა, ეგრევე ანეგდოტი. ან ეს everyone-ზე კიარადა, 10 კაცთან გაგზავნილი მეილი რაღა ბედენაა?!

* გარეთ ძლივს აგრილდა. რომანტიული და მე რომ კატასავით ვკრუწუნებ, ის ამინდებია. 
თუმცაღა გუშინწინ თუ გუშინ  - არ მახსოვს სქელი "ადიალა" შემოვიხვიე შიშველ მხრებზე და სასწაულად მესიამოვნა მიუხედავად იმისა, რომ ასევე სასწაულად დამსუსხა. 

კიდევ ბევრი რამ მინდოდა დამეწერა, მაგრამ იყოს. 


არეულობა თავსა შიგან და თავსა გარეთ.