Rest In peaceful sleep

არსებობს სიკვდილი მოხუცებულის...
არსებობს სიკვდილი არც თუ ისე მოხუცებულის...
არსებობს სიკვდილი ახალგაზრდის...
და თურმე არსებობს სიკვდილი ძალიან ახალგაზრდის...
ძალიან ახალგაზრდას კი მეორენაირად ბავშვს უწოდებენ...

არც კი ვიცი რა ვთქვა...
დაცლილი ვარ ყველა ემოციისგან. 
ტირილისგან მარჯვენა თვალში ბინდი მიდგას და მიჭირს ყურება. 


თუ გუშინდელ სიუჟეტს გადააწყდით 10 წლის ბავშვის შესახებ, კომენტარში მომწერეთ. 

სურათის დადება მინდოდა, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად ეთიკური იქნება ჩემი მხრიდან.



Tea for two

 – ჩაი არ გინდა დავლიოთ ერთად???
 – (რატომღაც ფიქრის შემდეგ) მმმ... კი. 
 – მიდი, ჩაიდანი დაადგი, გამოიტანე რაღაცეები. 

არადა კომპიუტერთან ჯდომა უფრო მინდა, ვიდრე ჩაი. მაგრამ მერე ვფიქრობ, რომ მეტი არაფერი დამრჩენია. საერთოდ არაფერი, აი საერთოდ არაფერი, ვიდრე საყვარელ ადამიანთან ჩაის დალევა. 
და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩემი გამოსატანია და ეს მე საშინლად მეზარება, მაინც ვდგები კომპიუტერისგან და ვეშურები იმ ოთახისკენ, სადაც ადრე ყველანი ერთად შევდიოდით. ძირითადად მაინც. ერთად ვსხდებოდით, ერთად ვიცინოდით. ერთად მაძლევდნენ შენიშვნას იმის გამო, რომ ხელები ძალიან მქონდა სიგანეზე გაშლილი. ერთად ვყვებოდით ამბებს და ძალიან ბევრს ვიცინოდით. მართლა უზომოდ ბევრს. 

ახლა კი "ჩაი არ გინდა დავლიოთ ერთად???"–ღა შემოგვრჩა და ისიც მხოლოდ ორს. ისიც ათასში ერთხელ. 

გუშინ ჩემი დის დაბადების დღე იყო. არასოდეს გვქონია ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთთან შეხმატკბილებულად ვყოფილიყავით, პირიქით. სულ ვჩხუბობდით და არასოდეს ვკოცნიდით ან ვეფერებოდით ერთმანეთს. არასოდეს. დამიჯერებთ რომ გითხრათ, რომ არასოდეს ჩავხუტებივართ ერთმანეთს. სულ რაღაცნაირი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. 
გუშინ ჩვენთან დარჩა. არც არაფერი. ჩაი დალიეს. მე რათქმაუნდა კომპიუტერთან ვიჯექი და არა სამზარელოში. მერე დავსვი აქ (დიდი ზუზუნის შემდეგ), ფბ–ზე მადლობა გადაუხადა ყველას მოლოცვისთვის და გავიდა. მალევე დაწვა. მივედი და ლოყაზე ვაკოცე რამდენიმეჯერ. და მას თავი არ გაუწევია, როგორც ადრე აკეთებდა, პირიქით. გამიხარდა. 


დღეს ვფიქრობდი, რომ მაკლია. 
და არა მხოლოდ ის. 
ზოგადად ხალხი მაკლია. 
ყველა სადღაც არის. 
გიოშაც კი სურამშია და სიარული უსწავლია და მე ამაზე ნერვები მეშლება. 
კიარადა ანუ იმაზე მეშლება, რომ უჩემოდ ისწავლა. და არა იმაზე, რომ ისწავლა. მაგრამ პირველი სიტყვა მაინც "ქეთუნა" თქვა და არა "დედა/მამა"!!!! ხოდა გასკდეს ყველა გულზე. ეგრე გინდათ ყველას. მეტის ღირსები ხართ. 
მიშიკო პრაღაშია საერთოდაც და თავისი ინიციატივით არ მეკონტაქტება. მეტიც. კომენტარებს რომ ვუწერთ მე და ვიღაც უცხოელი, იმას ინგლისურად პასუხობს და მე საერთოდ მაიგნორებს. მერე მე ჩხუბს ვიწყებ და მერე კი, ძლივს რამდენიმე სიტყვას გაიმეტებს. დადის ქალაქიდან ქალაქში და გასართობიდან გასართობში. 
ბებიაჩემი ზუგდიდშია და რომ მირეკავს, "დიდე, ჩემი დასაფლავების ფული მინდა რომ შენ შეინახო, რადგან შენ კარგად იცი ფულის შენახვა"–ო მეუბნება. 
თანამშრომლებთან კარგად ვარ, მაგრამ თამთასნაირად მაინც არავისთან. მაგრამ თამთას არასოდეს სცალია და ანუ ისიც არ არის. ზოგჯერ მოვა და მე ვეხუტები. თან აი ისე, მორიდებულად. რომ არ შევაწუხო. სამსახურის სკაიპში დღეში ასჯერ ვკრიფავ Tamta–ს, რომ იქნებ online არის. მაგრამ :((
facebook–მა "ჩაგვყლაპა" ყველანი და მეგობრობა მხოლოდ კომენტარის დატოვებად გადაიქცა. ხოდა მეგობრებიც იქ არიან. 
სოფი ვაფშე გათხოვდა და საერთოდ გაქრა. 
კიდევ ერთ მეგობართან კი ყოველ საღამოს როგორც თვითონ უწოდებს "რაზბორკები" მაქვს და ამაში მე ვარ მუდმივად დამნაშავე. თურმე. არადა აქამდე ყველაფრით მოვწონდი და უპირველეს ყოვლისა კი – ხასიათით. 

და აი ეს ყველაფერი რომ ყელში გამეჩხირა, ვიტირე. აი ისე, მე რომ ვიცი ხოლმე. მთელი გულით. ამეშალა ამ ყველაფერზე ნერვები. სულ ასე ვიცი ხოლმე. რაღაც მომაწვება, გამახსენდება და თავს ვეღარ ვიკავებ ხოლმე.


ხალხი მინდა. ირგვლივ. 
სულ სულ სულ. 
ბევრი ხალხი. 
მაგრამ ცხოვრება მარტო მინდა. 
სულ მარტო. 
პარადოქსია არა?!
მაგრამ მართლა მარტო მინდა ცხოვრება.
ხალხი მენატრება.
გასულ 24 წელიწადში ნამყოფი ადამიანები. 
მეგობარი მინდა მეტი მყავდეს. ახლაც მყავს ბევრი და უფრო მეტი მინდა.
ზოგადად მიყვარს ხალხი და კომუნიკაბელური. 
მიყვარს ბევრი ღიმიალიანი სახე.   
და ბევრი ახალი, კარგი და საინტერესო ადამიანი მინდა. 
მოდით რა ჩემთან. 
ჩაგიხუტებთ და არ გაგიშვებთ. 

you better come, come, come, come to me 
you better run, run, run, run to me 


sunny June

რომ ვამბობდი კატა–კურდღლის წელი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის კარგი წელი უნდა იყოს–მეთქი, არ ვიცი რამდენმა დაიჯერა. არადა მართლა ასეა. არის ბევრი რთული სიტუაცია. ბევრი გაუგებრობა, რთული პრობლემა. ხან რა ამოხტება ხოლმე, ხან რა. მერე შენც გეზარება რომელიმე მათგანთან გამკლავება იქით იყოს და თუნდაც შეჭიდება.
რატომ???
იმიტომ, რომ გინდა, რომ:
  •  რაღაც მაინც გამოგივიდეს მარტივად. 
  • რაღაც მაინც იყოს ადვილად მისაღწევი.
  • ოდნავი დოზით მაინც დაგერქვას წარმატებული და ბედნიერი. ან ბოლო–ბოლო წარმატებულთან და ბედნიერთან მიახლოებული. 
  • შეძლო ბევრი პრობლემის მარტივად მოგვარება. თან აი იმ პრობლემების, რომლის მოგვარებაც აუცილებელია ამ მომენტში. 
  • არ შეგეშინდეს იმის, რომ არაერთი ისეთი ადამიანი გადაგეღობება, ვისაც არათუ უბრალოდ არ გაუხარდეს, არამედ შეშურდეს კიდევაც შენი იმის გამო, რომ შენ კარგად ხარ.  
  • ცოტათი მაინც წესრიგში გქონდეს ნერვები. ნერვები, რომლებიც მუდმივად აშლილია იმის გამო, რომ პრობლემები გამუდმებით თავს გახსენებენ. 
  • ცხოვრებით დატკბე ოდნავ მაინც. ცხოვრებით, რომელიც მოგენიჭა შენ, მხოლოდ შენ და არავის შენს გარდა. ამიტომაც მას დაერქვა "შენი ცხოვრება". შენ ნამდვილად გაქვს უფლება ისიამოვნო. და ეს უფლება გაქვს უამრავი ლოგიკური არგუმენტის გამო. ამ არგუმენტებში კი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყანაზე და შენ ნამდვილად იმსახურებ, რომ თუ ოდნავ მაინც ნორმალური ადამიანი ხარ, იყო ბედნიერი. 
არ ვიცი კიდევ რამდენი მიზეზის ჩამოწერა შეიძლებოდა. უბრალოდ 24 წლის ასაკი სხვადასხვა რაღაცაა სხვადასხვა ადამიანისთვის. 1 წლისა და 1 თვის გიოშასთვის 24 წელი ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრია, 82 წლის ბებიაჩემისთვის კი ერთი თვალის დახამხამებაა. აი ჩემთვის კი ესაა ის სრული ასაკი, როდესაც ვაანალიზებ, რომ მეც მინდა ჩემი წილი ბედნიერება. საკმარისია ეს "შუშანიკობები". ნელ–ნელა უნდა მოვიდე აზრზე და ვაკეთო ის, რაც მინდა. თუ რამე კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, სიხარული შევირგო.


ხოდა აი ზუსტად ივნისი რაღაც კარგად დაიწყო, ადრე ვამბობდი რაღაც იდეა მაქვს და ერთ–ერთმა უფროსმა მოიწონამეთქი. ხოდა გუშინ ამ ადამიანმა მითხრა, რომ უკვე ჰა–ჰა განხორციელდება. დირექტორის მოადგილესაც ძალიან მოეწონა და ხელი მოაწერაო.  რათქმაუნდა ამ იდეას უკვე შეეჯახა საწინააღმდეგო აზრი, რომელიც ემოციურად ძალიან დატვირთული იყო. თუმცა ემოციასაც გააჩნია. საკმაოდ უარყოფითი ემოცია იყო და ეს არ მესიამოვნა (ზოგადად ზედმეტად ემოციური ადამიანები არ მომწონს, მეც საკმარისი ვარ მაგისთვის). თან რომ არ გაძლევენ დასაბუთების საშუალებას. თუმცა კარგად ახსნა–განმარტების შემდეგ მივახვედრეთ ამ ადამიანს, რომ კარგი იდეაა (მადლობა ჩემს მუზას და მის გვერდით მჯდომს :** ). ახლა ვფიქრობ, კიდევ რამდენი ადამიანი იქნება ასევე მოსარჯულებელი და აზრზე მოსაყვანი. რამდენს უნდა ჩავუდოთ თავში, რომ კარგი იდეაა. ნეტავ რამდენი შემსვამს ჯორზე უკუღმა და გამასამართლებს ლინჩის წესით ქვების სროლით.
მაგრამ მე ძლიერი ვარ და მოვერევი. მართლა მოვერევი.

და საერთოდაც, საიდუმლოდ გეტყვით, რომ ბედნიერი ვარ.
უფრო სწორად, სამყარო მაქვს, სადაც ბედნიერი ვარ და ეს მახარებს.
კიარადა ანუ, სადღაც ბედნიერი რომ ვარ, ეგ მახარებს, თორემ სამყარო ისედაც მაქვს ჩემი.
და მიუხედავად იმისა, რომ არის რამდენიმე პროცენტი იმისა, რომ მომავალში უფრო ბედნიერი ვიყო, მე დღესაც უკვე კარგად ვარ, რადგან ძალას ვხედავ საკუთარ თავში.
წინააღმდეგობებს რაც შეეხება, კარგად მაქვს გააზრებული, რომ ყველასთვის საყვარელი და "უწი–პუწი" ვერ ვიქნები. და არც ვიქნები. არსებობენ ჩემს ირგვლივ "სიხარულო" ტიპაჟის ადამიანები და მე მათ ფარისევლებს ვეძახი. ამაზე მერე დავწერ, მოგვიანებით.

ახლა კი ამ ერთი ჭიქა ცივი წყლით მე გამიმარჯოს. კიარადა ჩემს მოთმინებას, ჩემს ძალას, რომ მუდამ შემწევდეს თავის დაცვა და ხმამაღლა თქმა იმისა, რაც მუდმივად მერიდება ხოლმე. დაე ზედიზედ შემიძულოს ყველამ. აზრის გამოხატვის უფლება ყოველთვის უნდა მქონდეს.


კარგი თვეა ივნისი. დღეს, 11–ში ჩემი დის დაბადების დღეა და მე ძირითადად სასაცილო ვიდეოების ფბ–ზე დადებით შემოვიფარგლე. მერე მოვიდა, ვეკამათეთ ერთმანეთს რათქმაუნდა და დაწვა ჟურნალით ხელში. მივედი და რამდენიმეჯერ ვაკოცე. მენატრება ხოლმე კვირიდან კვირამდე.


კარგი თვეა ივნისი :)
და მე ბედნიერი ვარ :)
აი ასე, უმიზეზოდ.





წყენის დეტექტორი

სულ ასე მემართება.
კიარადა ძალიან ხშირად და ანუ თითქმის სულ.
მართლა ძალიან ემოციური ვარ და როდესაც რამე მწყინს, გამოვხატავ ეგრევე.
არ გამომდის ეს დამალვა. იმ წამსვე ვფეთქდები და იმ წამსვე შემიძლია ძალიან ცუდ ხასიათზე დავდგე.
მგონია, რომ მხოლოდ მე ვარ მართალი და მომენტალურად ვიწყებ ისეთი ფრაზების თქმას, როგორებიცაა:
"ვიცოდი, რომ ვერ გამიგებდი."
"შენ ხომ მე არ გაღელვებ."
"შენ ხომ ფეხებზე გკიდია მე რას ვიტყვი, მე რას ვგრძნობ."
და კიდევ მილიონი ამის იდენტური ფრაზა.
მერე კიდევ რაღაც ფრაზები.
იმ მომენტში ერთადერთი მიზანი მაქვს.
მინდა, რომ იმ ადამიანს ბევრი ცუდი რამ ვუთხრა.
ძალიან ბევრი.
ჩემს მიერ აკვიატებული "მეზიზღები/გეზიზღები"–ც ამ ყველაფრის გამოძახილია.
ხანდახან "მძულხარ/გძულვარ"–საც ვიყენებ.
მერე ის ადამიანი ბრაზდება ჩემზე, რომ ეს ყველაფერი ვუთხარი და ის ნაწყენდება.
და თითქოს უკვე ბარი–ბარში ვართ ერთმანეთის გაბრაზებაში.
მერე მე ვჯდები და განვიცდი, რომ მას ვაწყენინე.
მართლა განვიცდი. მთელი არსებით.
განვიცდი, რომ ადამიანს ასე ცუდად მოვექეცი.
და თუ იგი საყვარელი ადამიანების ნუსხაში შედის, მაშინ უკვე ძალიან განვიცდი. მთელი დღე აღრენილი, აგრესიული ვარ და დღის ბოლოს სადმე, რომელიმე ოთახში ვიკეტები და ჩემთვის ჩუმად ვტირი.
ბოდიშის მოხდა არასოდეს მერიდება. საერთოდ არასოდეს.
უბრალოდ სულ მეშინია ხოლმე, რომ ერთხელ რომ შემეშლება, მერე ის ადამიანი ჩემზე გულს აიცრუებს და არასოდეს მექნება მასთან ისეთი კარგი ურთიერთობა, როგორც ამ შეცდომამდე მქონდა.
ამაზე ხშირად მეფიქრება და ნერვები მეშლება, ასეთი გიჟი–გადარეული რომ ვარ.
არამყარი ადამიანი ვარ. ვერასოდეს განსაზღვრავ, რა მომენტში ავფეთქდები.
აი უცბად ავილეწები დღეს დილას და დღეს საღამოსვე შემიძლია იმ ადამიანს ხელისგულები დავუკოცნო. და დავუკოცნი კიდევაც, რადგან მიყვარს ის ადამიანი და ძვირფასია. უბრალოდ დილით ავფეთქდი, ლავა ამოვაფრქვიე ვულკანივით და საღამოს უკვე ისეთი ვარ, ვიღაც რომ იტყვის შემოხედვისას: რა კარგი ვულკანიაო.
ამ ყველაფრის გამოძახილი ისიც არის, რომ ნებისმიერი ურთიერთობის დასაწყისში ნებისმიერი ადამიანი მინდა, რომ გავაფრთხილო.
გავაფრთხილო, რომ არ ვარ მე საყვარელი. არ ვარ გასაგიჟებელი და არ ვარ მე უმაგრესი ადამიანი (ძირითადად ამ სიტყვებს ვღებულობ ხოლმე კომპლიმენტის სახით). ყველა კომპლიმენტს ვპასუხობ ტექსტით: არა, გეშლება, არ ვარ საყვარელი, უბრალოდ შენ მე არ მიცნობ. მე ცუდი ვარ." მაგრამ მე იმდენად გადაჭარბებით "ვიშუშანიკე", რომ არაერთმა მითხრა, ნუ იქცევი ეგრე იდიოტურად, კომპლიმენტი შეირგეო. მაგრამ რომ შევირგო, მერე გული მეთანაღრება.
მირჩევნია ადამიანს ცუდი ვეგონო და კარგი აღმოვჩნდე, ვიდრე კარგი ვეგონო და მერე აღმოჩნდეს, რომ ცუდი ვარ.
დებილივით ვარ ახლა. გათიშული. 2 დღეში 2 ადამიანს ვაწყენინე. თან ორივე ისეთი ახლობელია, რომ მეტი არ შეიძლება.
ლოლიტა გამახსენდა, ჩემი კატა. გავეთამაშებოდი ცოტა, ცოტას შემოვარტყამდი ხუმრობით, პირში ხელს ჩავუდებდი, კბილებს ავულესავდი თითებით, ის კი აგრესიული ხდებოდა და კბენა უნდოდა, რადგან ეს შემორტყმები სწყინდა. ეგონა, ვცემდი. ცდილობდა კიდევაც, რომ ეკბინა, მაგრამ ვერ ახერხებდა. თვალებში ვუყურებდი და წყლიანი ჰქონდა. თითქოს საცაა ტირილს დაიწყებსო. ამ მომენტში მინდოდა მოვფერებოდი და მეთქვა, არა ლო, უბრალოდ გაგეხუმრე, ცუდი არაფერი დამიპირებია. მას კი მაინც ჩემი ხელი ჰქონდა პირში გამოჭერილი და თვალები ისევ უკრთოდა. წყლიანი თვალები უკრთოდა, უცახცახებდა.

"აი ძალიან ცუდი თვისებები შევამჩნიე ახლა შენში" – ეს ფრაზა 7-ჯერ რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ მე–8–ჯერ აღარ უნდა გამეხსნა ტელეფონი.   არადა იდეაში სულ ცდილობ, რომ კარგი იყო. და მაინც, მიუხედავად ამისა, მაინც იცი, რომ რაღაც მომენტებს ვერ გააკონტროლებ და ემოციები წინ გაასწრებს გონებას. მერე არის სინანული, რომ საყვარელ ადამიანს იქით ატკინე გული.

და ვერ წარმომიდგენია ამის შემდეგ თვალებში როგორ უნდა შევხედო. როცა მეცოდინება, რომ ნაწყენია და ჩემგან ასეთ საქციელს არ ელოდა.

აუ არ ვიცი, თავს საშინლად ვგრძნობ. მართლა აუტანელი ვარ.


კატაზე გამახსენდა და სიმღერის სათაურზე...

I don't want to be a bad woman



dudeless


დიახაც რომ.

ჩემი პოსტი დაიბეჭდა გაზეთ "Weekend"-ში. ასეთი რამ პირველად მოხდა და ძალიან გამიხარდა. იმ დღეს ისეთი სახით დავდიოდი, თითქოს სამყარო გადავარჩინე ატომური ბომბისგან ან უარესისგან (ლოლ, არადა ლილუ მხოლოდ მილა იოვოვიჩია და ისიც მხოლოდ ფილმში). მე მაინც წარმოუდგენლად გამიხარდა. Freya–მაც დამისტატუსა, ნახე ჩვენი პოსტები გვერდი–გვერდ რომ დაიპოსტაო?! ამან უფრო მეტად გამახარა. ხომ ხდება ხოლმე, რომ ასეთი მერკანტილური რაღაცეები გახარებს. ხოდა მეც ასე მომივიდა.
მაგრამ მედალს ხომ ორი მხარე აქვს. კარგი მხარე ის არის, რომ გაზეთი ვიყიდე და სახლში ამოვიტანე. სახლში კი დედაჩემმა წაიკითხა.
ცუდი მხარე კი ის არის, რომ გაზეთი ვიყიდე და სახლში ამოვიტანე. სახლში კი დედაჩემმა წაიკითხა.

***
არადა ყოველთვის ენა "მეკარგება" ხოლმე, რომ პირში რამენაირად მოვატრიალო და წარმოვთქვა ის ფრაზები, რომლებიც ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია.
ფრაზები უნდა ჟღერდნენ ასე:
"ფორუმელია/ბლოგერია"
"ბლოგერები შევიკრიბეთ"
"ფორუმზე დავპოსტავ და მეტყვიან"
"facebook–დან გავიგე" – ნუ არა, ეს მაინც ასეა თუ ისე, ნაცნობი, პოპულარული და აპრობირებული ადგილმდებარეობაა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მილიონნაირ არაადეკვატურ პასუხს "ვეზიდები" ტვინიდან, რომ რამე ისეთი ვუპახუსო ხალხს, რომ მათ არც გიჟად/არაჩვეულებრივ/არასტანდარტულ/უნაურ ადამიანად ჩამთვალონ და მეც მშვიდად ვიგრძნო თავი, რომ არ ვატყუებ.
ერთ–ერთი ასეთი შემთხვევისას ანუ როდესაც ერთ ადამიანს ვუხსნიდი რატომ არ უნდა შემოჯლაგუნდეს პეტრე და პავლე ჩემს ბლოგში, ის იყო, რომ ამ ადამიანმა მითხრა, მაშინ word–ში წერეო. მე ისევ გაღიმება გამოვხატე მის მიმართ და შევეშვი.
და საერთოდაც, ჩემი ბლოგი არ მიუვარდებოდა მის მონიტორს, რომ არა სხვა ადამიანი, რომელსაც მე თვითონ მივეცი სტატიად ქცეული პოსტის ლინკი. ნუ მოკლედ, გავიარეთ.

გაზეთი სახლში ამოვიტანე. ავტობუსში თამთას გადავურეკე, ჩემი სიხარული გავუზიარე. სავარაუდოდ ხმამაღლა მომივიდა მასთან საუბარი, რადგან წინ მჯდომი გოგონა მიყურებდა და მიღიმოდა.
ამოვიტანე სახლში და დედაჩემს სხვათაშორის ვამცნე ეს ამბავი. წაკითხვამდე დამისვა არაერთი შეკითხვა:
საიდან მოხვდა შენი ნაწერი მანდ?
მათთვის დაწერე?
მე ცოტათი მაინც შევეცადე, გასაგები პასუხები გამეცა.
და ბლოგი რა არის? – ო ღმერთო, რამდენჯერ უნდა ავუხსნა?! მაგრამ ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ მე მუდამ გაუგებრად ვუხსნი.
და აბა ბლოგერი ვინ არის? – მორჩა, თავს ვიკლავ!!!
წაკითხვამდე გავაფრთხილე, წაიკითხე, მაგრამ კომენტარები არ გააკეთომეთქი. ეგ რაღა გამოვიდაო.წაიკითხა.მართლაც–და თხოვნა შემისრულა და არაფერი უთქვამს.
თუმცა მე თვითონ რომ ვეღარ მოვითმინე, მეორე დღეს ვკითხე, რას იტყვი–მეთქი. არადა რაღაც უსიამოვნო შეგრძნებები მქონდა იმ მომენტებში. დაწრმუნებული ვიყავი, არ მოეწონებოდა. ერთადერთი რაც მითხრა, მომეწონაო. მე კი ათასი კუდი გამოვაბი ამ ფრაზას:

- მინდა გოგოს ვაკოცო ისე, როგორც ნატალი პორტმანი კოცნის მილა კუნისს ან სკარლეტ იოჰანსონი - პენელოპე კრუსს და არ გავიგო კითხვა: "ლესბოსელი ხარ???"
თუმცა არა. არანაირი უარყოფითი გამოხმაურება არ მოჰყოლია ამ ფრაზას.
ვიცი, რომ მასაც მოეწონა ნაწერი. რა კარგია, რომ დაბეჭდესო და მშვიდად გავიარეთ ის დღეები.

გუშინ რეკავს ბებიაჩემი. მთელი თავისი მოკითხვებითა და ამბებით. და უცებ მეუბნება: შენ ნუ ეუბნები დედაშენს, რომ გათხოვება არ გინდაო. უცებ გავშრი. თურმე დედაჩემს უთქვამს მისთვის, რომ ამას იძახის სულო. არადა ყოველთვის მეცინებოდა მაშინ, როდესაც დედაჩემს ჩემი არ–გათხოვების საკითხი სისულელე ეგონა. ხან მპასუხობდა, ჯერ ადრეაო. ხან – ყველა გოგო ეგრე ამბობს და მერე ყველაზე ადრე ეგ გოგოები თხოვდებიან. ხან კი უბრალოდ იყრუებდა. აქედან გამომდინარე, მართლა გამიკვირდა, როდესაც გუშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს ამბავი გულთან ახლოს მიუტანია.


არადა...



არადა,  მე ისევ იმ აზრზე ვარ.
არადა მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ გათხოვება და ზოგადად ურთიერთობა არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სტრესის, დაძაბულობის, ნერვიულობის, გაღიზიანების, გამუდმებული დათმობების, ტირილის მომტანი.

არ მინდა.
აი საერთოდ არ მინდა.

არ შემიძლია ეს ბავშვის გაზრდები, სახლის ლაგებები, ჭურჭლის რეცხვები და ასე შემდეგები. ეს ყველაფერი მე ცუდად მხდის და იმდენად არასაჩემოა, რომ მეტი არ შეიძლება.

და ყველას ვბლოკავ. ვინც კი შეიძლება მომეწონოს და ვინც უკვე მომწონს.
ყველას ვბლოკავ გონებაში. რადგან ასე მირჩევნია.
ის ბიჭიც დავბლოკე, რომელსაც იმ დღეს თავი წავაყვანინე სადღაციდან სადღაც. და გზაში, როდესაც მან scorpions - you and I  ჩართო, მე რატომღაც გადავწყვიტე, რომ ეს სიმღერა ძალიან მიყვარს და ტექსტს ავყევი. მანაც არ დააყოვნა და ვაფრენ ამ სიმღერაზეო. ღმერთო ჩემო!!! რატომ მოვიტყუე, მე ხომ არასოდეს ვგიჟდებოდი ამ სიმღერაზე. კი მიყვარს, მაგრამ ვგიჟდები Beatles–ებზე,Queen–ზე.
გზაში გავერთეთ საუბრით. აქეთ–იქით. ფრიად სასიამოვნოდ.
მერე მოვედი სახლში და დავფიქრდი: gosh, what was I doing???
ნახევარსაათიანი ურთიერთობის გამო ეგრევე scorpion–ი შემიყვარდა. მერე უცებ წარმოვიდგინე მასთან თუნდაც 2 წლიანი ურთიერთობის გამო რამდენი "მისი რამე" შემიყვარდებოდა და ჩემსას ფეხებზე დავიკიდებდი.
აი ეს რომ წარმოვიდგინე, უცებ ცუდად გავხდი.
ესე იგი რამდენი უნდა დავთმო, რომ მყავდეს ის one and only ადამიანი, რომელიც მეყვარება.
მთელი ჩემი სურვილები/მისწრაფებები/პრინციპები ქარს უნდა გავატარო და მისი სურვილები/მისწრაფებები/პრინციპები შევისისხლხორცო.

ეგრევე ვეღარ მოვითმინე და ჩემს ერთ მეგობართან ასეთი დიალოგი გავმართე:


ხოდა უნდა დავივიწყო, ამოვიგდო თავიდან. კოლინის გმირი მიჩელი კი მხოლოდ დესკტოპზე და ამ პოსტშია. 
მე თუ ოდესმე გავთხოვდი, მართლა სასწაული მამაკაცი უნდა იყოს, ჩემო მიჩელ. სასწაული ბიჭები კი არ არსებობენ. ასე რომ...

ა ხო: გაზეთის პოსტი თუ გაინტერესებთ, აგერაა.
თუმცა თქვენ, ერთგულ მკითხველებს წაკითხული გაქვთ ეს პოსტი.

პ.ს. თავის დაბანა მინდოდა, ტვინს გამოვირეცხავ–მეთქი, მაგრამ საკმაოდ გვიანია მაგისტვის. ხოდა sweet dreams. :*