ნარცისიზმისა და ეგოცენტრიზმის ტანდემი



საკუთარ თავს მინდა მივუძღვნა ეს სიმღერა. კიარადა ეს მუსიკა. კი, მუსიკაა. მელოდია. უბრალოდ მისი ავტორი ძირითადად ტექსტებსა და ნოტებს უხამებს ხმაში ერთმანეთს და მაგიტომ. თორემ ეს მართლა მუსიკაა, კომპოზიცია, მელოდია და კიდევ ბევრი სიტყვა, რაც უბრალოდ ინსტრუმენტები და ნიჭია. ყოველგვარი ადამიანური ხმიანობის გარეშე.
და მე ისევ იმას ვიტყვი, რომ საკუთარ თავს მინდა მივუძღვნა ეს სიმღერა. დღეს აღმოვაჩინე. და მე დღეს კარგი დღე მქონდა, რადგან ახალი სიმღერა აღმოვაჩინე. თვალები დავხუჭე ამ წამს.
და იმდენი რაღაც მინდა დავწერო. ამბები მაქვს მოსაყოლი. თქვენთვის არა მკითხველნო. შენთვის, ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო ბლოგო. და მე მაინც იქით ვიხრები, რომ მკითხველი (ნებისმიერი წასაკითხი მასალისა) ცდილობს იყოს ობიექტური და კრიტიკული. და აი ამიტომაც მე ბლოგს მივმართავ, რადგან მე ახლა სუბიექტური რამე მჭირდება.

შესაბამისი და (არა)ლირიული გადახვევა: გუშინ კიარადა ამ დღეებში Kate ფიქრობდა ქეთუნაზე. მერე ქეთიზეც დაიწყო ცოტ-ცოტა და მიხვდა, რომ ბლოგში ძალიან ბევრი რაღაც ჰქონია თურმე დასაწერი. იცი რა ხდება, უნივერსო??? რაღაც მომენტში Kate შეშინდა. რა წესია ან კი რა საჭიროა ყველაფრის აქ წერა და გამოფენა??? ან კი რა სარგებლობა მოაქვს??? ჩემს თუ სხვათა ბლოგებში ადამიანები მესიყვარულებიან. "პირწიგნაკში" მწერენ, ვგიჟდები შენს ბლოგზეო. გააგრძელე "ჩემი შეყვარებული"-ს წერაო. არაერთხელ გამიხსნია, გადამიკითხია. გამიფიქრებია "აუ რა დეტალები დამიწერია :((  " და დამიხურია. ახლა გაზრდილი ვარ როგორც ბლოგერი თუ არა, არვიცი. თუმცა მაინც ვერ ვუბრუნდები. მაგასაც ხომ უნდა რაღაც ნიჭი. თუ არც კი ვიცი რა. ფაქტია, რომ რაღაც უნდა. მორიდებულობების მთელი ვულკანი ამიფეთქდა აქ და მაგიტომაცაა, რომ სრულიად სხვა თემებსა და საკითხებს მივეცი ადგილი. და რამდენიმე ასეთი პოსტი რომ მივაყოლე, ზოგმა გამიპროტესტა, ნუ წერ ასეთ თემებზე, პირადი ჩანაწერები გიხდება და ეგ არის შენიო. მერე მეც დავფიქრდი. რაზე შეიძლება ვწერო??? 

  • პოლიტიკაზე. ო არა, არ მინდა ნაგავში ქექვა. დაე ჩემი პირადი უფრო მეტად ნაგავი იყოს. მაინც არ მინდა. რაც ხდება, ისედაც კარგად ვიცი. 
  • ეკონომიკაზე. ისადა, რომელზე??? აბა მანახეთ??? არადა ჩემი სფეროა :((
  • კინო-მუსიკაზე. ხომ ვწერ?!
  • თემატურ საკითხებზე. აუუჰ, ახალი არაფერი ვიცი მე და თუ რამეა, გუგლმა ჩემზე მეტი იცის. 
ხოდა ისევ პირადი ხასიათის პოსტებზე მაქვს სამიზნე მიმართული. და მერე ვიღაც იტყვის, რომ პირად პოსტებს არ ვკითხულობ და მეც უბრალოდ ვიღიმები და მეტი არც არაფერი. 
ადრე მიამ თქვა ბლოგზე ჩემი პრობლემების შესახებ რომ დავწერო, ეს პრობლემები მაინც არ მოგვარდებაო. მეც მაგ აზრზე ვარ. მაგრამ აი მაშინ რა ვქნა, თუ ჩემს ბლოგს არ ვუყურებ მხოლოდ ისე,  როგორც ბლოგს. მინდა რომ ამოვთქვა. იგავ-არაკი არის ასეთი: მეფეს რომ ვირის ყურები ჰქონდა ერთმა კაცმა შეიმცნო. ხოდა ურჩიეს, თუ ვერავის ეუბნები, წადი მიწაში ჩაყავი თავი, იმას უთხარიო. ხოდა ეს კაციც ასე მოიქცევა. ამის შემდეგ ცოტა მშვიდად გრძნობს თავს. ხომ იცით ეს იგავი??? სულხან-საბასია. მე მაპატიეთ შინაარსის ეგზომ დამახინჯება, მაგრამ ხომ იცით ეს იგავი?! ხოდა აი მეც ასე ვარ. აქაურობა ჩემთვის მიწასავით არის, რომელსაც შემიძლია ჩავსძახო. ხოდა მაცადოს ყველა "ძერსკი" ბლოგის ავტორმა არსებობა. :)


და მე ოდესმე დავდებ პირობას, რომ დიდ, გრძელსა და უშველებელ პოსტებს არ დავწერ, რომ მკითხველი არ შეწუხდეს და ამ პირობის შემდეგ დავდებ პირობას, რომ მე ფეხებზე მკიდია ეს მკითხველი. თუ ჩემი გრძელი პოსტები გეზარებათ, იკითხეთ მხოლოდ ფბ-ის სტატუსები :))))

აი რა ხდება იცი ჩემო ბლოგო??? სათქმელი სრულიად სხვა რამეზე იყო და მე ისევ სხვა რაღაცისგენ გავუხვიე. რაც არ უნდა იყოს 1 ამოსუნთქვაზე არ დამიწერია და შედეგიც - 0. Fail.

P.S.მინდოდა. არადა მართლა მინდოდა ბევრ რამეზე დამეწერა. ამბები მინდოდა მომეყოლა, რაც არ ვიცი აინტერესებს ვინმეს თუ არა, მაგრამ მე პანიკურ სიმშვიდეს მგვრის ბოლო რამდენიმე ხანია. მოხდა რაღაცეები, რამაც თვალებწინ ტაში შემოჰკრა ჩემი გამოფხიზლების მიზნით. მაგრამ ამაზე მერე. ეს პოსტი გაბანძდა და იმას მაინც შევეცდები "არაუშავს" ისე დავწერო.

P.P.S.უბრალოდ ერთს ვიტყვი: მე მიყვარს ჩემი თავი. ოღონდ ზუსტი დროები არ ვიცი, თუ როდის მიყვარს. და როდესაც ეგ ზუსტი დროები დგება, მე საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ჩემზე მაგარი ადამიანი ქვეყანაზე არ არსებობს.

P.P.P.S. აი ხომ ხედავ?! დღეს ნარციზი და ეგოისტი ვარ. მინდა და ვარ.






(პოსტი არ არის გამიზნული კომეტარებისთვის მსგავსი შინაარსით: "ქეთ, შენ მართლა ძალიან საყვარელი და მაგარი ხარ" და ძმანი მისნი. უბრალოდ მე სხვა რაღაცის თქმა მინდოდა და არ ვიცი რამდენად გამომივიდა )

18-23

გუშინ ლექციაზე, სადაც სულ 6-7 ადამიანი ვისხედით, 4 მათგანი შემიჩნდა გინდა თუ არა, წაგვიკითხე მაგ ბლოკნოტში რაც გიწერიაო. ეს ნაწერი წამაკითხეს. 
ან სად დაინახეს ბლოკნოტში ნაწერები, ან საიდან მიხვდნენ, რომ პირადი ჩანაწერები იყო. იმდენად დავიბენი, რომ არც კი ვიცოდი, რა მეთქვა. მართვის მოწმობაზე მიწერია რაღაც წესები და მაგეებს წაგიკითხავთ-მეთქი. მოკლედ, არაო. დაიჟინეს და მეც დამითანხმეს. თუმცა ძალიან დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ, რადგან არ მიყვარს ასეთი ტიპის ექსპერიმენტები. მე მირჩევნია, სხვას ვუსმინო, ვიდრე მე მისმენდნენ. არ ვარ მოლაპარაკე, მსმენელი ვარ და მიხარია, რომ ყოველთვის შემიძლია გავჩუმდე იმისათვის, რომ სხვას მოვუსმინო და პირში არ ჩავუხტე. 
6 ადამიანიდან 4 მე მისმენდა. შესვენება გვქონდა და სანამ მეორე ლექტორი შემოვიდოდა, დავიწყე კითხვა. თუმცა მერე, ლექტორის შემოსვლამ უფრო ჩამაწევინა ხმის ტონალობა. თითქმის ვჩურჩულებდი და აქედან გამომდინარე, ისიც არვიცი რა გაიგეს. გაიგეს რო რამე?! რაც არ უნდა ყოფილიყო, დავკომპლექსდი, მომერიდა და გაწითლებული ვიჯექი. 
მარის შეფასება: "ვააა, ქეთი შენ არ ხუმრობ!". 
ირაკლიმ თავი წამოყო: "ირაკლი ვიცი ვინცაა და ნეტავ ირინაც ვიცოდე"-ო. სულელი :))))))))))))))))) 
გიორგიმ, ბლოგი რა არისო. როგორ არ მიყვარს ეს შეკითხვა :(((( ამას რომ მეკითხებიან, თითქოს ძალაუნებურად ცეცხლის პირას მსვამენ და მე ალმური მედება. მერე ისიც თქვა, როგორ გეტყობა, რომ უსაქმური ხარო. გამეცინა და რომ გავაანალიზე, ბლოგერები ძირითადად უსაქმური ხალხი ვართ. მაგრამ ეგ დიდი არაფერი, მთავარი სხვა რამ იყო. მთელი გზა მეუბნებოდა, შენ თურმე რა სხვანაირი ყოფილხარ, საინტერესო და იდუმალიო. კომპლიმენტად ვერ აღვიქვი, უფრო დამაბნია. ეგ არვიცი, მაგრამ 5 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ერთად სწავლობთ და ახლა საკმაოდ გამაკვირვა ამ შეფასებით. 
ნინომ კი პირველად მაშინ მოგაქციე ყურადღება, როდესაც პირველ კურსზე მთელი კურსი აგვატირე PR-ის ლექციაზე შენ მიერ დაწერილი თემითო. 
ეს იყო თავისუფალი თემა, რომელიც პირველ ლექციაზე მოგვცა ლექტორმა დასაწერად. ვფიქრობდი, რა დამეწერა. არ უნდა ყოფილიყო CV-ის ფორმატის და არც "გამარჯობა, მე ვარ ესა და ეს". სახლში დავიწყე წერა და მერე მივაგდე რვეული. შემდეგი ლექცია რომ მოვიდა, რვეული კი ამოვიღე, მაგრამ დამთავრებული არ იყო და შესაბამისად წაკითხვას საერთოდ არ ვაპირებდი, მითუმეტეს დაფასთან გასვლას. აკი ვთქვი ზევით, რომ არ მიყვარს როდესაც პუბლიკა მისმენს-მეთქი და ახლა წარმოიდგინეთ დაახლოებით 80 ადამიანის წინაშე უნდა გავიდე წინ და წავიკითხო. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც I კურსის I ლექციები მიტარდება და ახლა ვეცნობი სტუდენტურ ცხოვრებას. მე ჯერ კიდევ ბავშვური, მაგრამ მაინც ჩამოყალიბებული გონებით. თავი მაგარი მგონია, ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი დაფინანსება მოვიპოვე და მაინც მიუხედავად ამისა, გულ-დაწყვეტილი იმით, რომ მოვხვდი ეკონომიკის იმ დარგის სპეციალობაზე, სადაც არ მინდოდა. მინდა-არმინდა, უნდა ვისწავლო და უნდა ვისუნთქო. გავიდა ჯერ ერთი სტუდენტი, წაიკითხა. მერე - მეორე და ა. შ. მე ვზივარ და თემას ვამთავრებ. ჯერ სხვა სტუდენტს უკეთებენ კომენტარებს, მე გიჟივით ვწერ და ჯერ კიდევ ვიცი, რომ არ გავალ წასაკითხად. 1-2 მაშინ ახლობელი ჯგუფელი მეუბნება, არ გკიდია, გადიო. ბოლოს მორცხვად ავიწიე ხელი და გავედი რვეულით ხელში. ვნერვიულობ, მინდა ყველას გასუსული იყოს, მთელი აუდიტორია და მერე, როდესაც მოვრჩები, ხის იატაკი ჩაინგრეს ჩემ ფეხებქვეშ. არ მინდა არანაირი კომენტარი, არც დადებითი და არც უარყოფითი. მიწერია ყველაფერი ოჯახზე, ჩემზე, დედაჩემზე, მამაჩემზე. ის, რომ მამაჩემი ცნობილი სპორტსმენი იყო. ის, რომ მე ასეთი და ისეთი ვარ. საერთოდ ყველაფერი. მართლა გვთხოვა, თქვენ შესახებ დაწერეთ თავისუფალი თემაო, ხოდა ყველამ დავწერეთ მაგ ფორმატში. ანუ ის მომენტი არ მქონია, რომ ოჯახზე ვსაუბრობდი და შესაბამისად არ მომრიდებია, რადგან ეგრე დავწერეთ ყველამ. დავიწყე კითხვა და რაც უფრო ბოლოსკენ მივდიოდი, უფრო მეტად მაწვებოდა ცრემლები. ისეთი რაღაცეები მეწერა, რომ ხმა ამიკანკალდა და ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა. არ მიყვარს როდესაც ჩემ ტირილს ვინმე ამჩნევს.  ლექტორს ეს არ გამოჰპარვია და მითხრა: "ქეთი, ძალიან გულწრფელი ხარ და მაგ ცრემლების მიზეზი ვინც არის, იმის იმედი გაგემართლებინოს"-ო. აუდიტორიაში ხალხი ტიროდა. წარმოიდგინეთ 18 წლის ღლაპმა რა ვქენი. ხალხი ავატირე ნაწერით. თეონას და თიკოს რომ გადავხედე, ცხვირსახოცები ხელებში ეჭირათ. თეონა საერთოდ ზლუქუნებდა. რომ მივუჯექი, "კარგი, გოგო ტეხავს"-მეთქი, ორივეს ვუთხარი ცალ-ცალკე. არადა ლექტორსაც ცრემლიანი ჰქონდა თვალები. 
მერე სახლში დედაჩემს ვუთხარი დღეს ხალხი ვატირემეთქი. ის ჩამეძია და მასაც წავაკითხე. ახლა ის რვეული ზუგდიდშია მგონი, არ მახსოვს. ან თუ არა და დედაჩემს ისე ექნება შენახული, თითქოს მინიმუმ მიხეილ ჯავახიშვილის ნაწერი იყოს. თუმცა დედები ხომ იცით როგორებიც არიან. 
ხოდა ახლა წარმოიდგინეთ ამის მეტი ჩემს კურსელს თუ ჯგუფელს არაფერი წაუკითხავს თუ მოუსმენია ჩემი დაწერილი. გუშინ თავი მიკროსკოპში მეგონა და დებილურ პასუხებს ვცემდი. fb-ზეც ახალი პოსტის ლინკს ისე ვავრცელებ, რომ მხოლოდ ფორუმელებმა და ბლოგერებმა ნახონ. 
რა მალე გადის წლები. ის, რაც 5 წლის მოხდა, თითქოს ახლახან იყო და ამ რაღაცას რომ გახსენებენ, შენც ყველაფერი გიტივტივდება ტვინში. არადა მე როგორ არ მიყვარს ხოლმე ჩემი ნაწერების კითხვა. "ვაიმე, ეს რა სისულელე დამიწერია"-ს სინდრომი მეძალება ხოლმე.

მეტი არაფერი. 
უბრალოდ მინდოდა ბლოგი გამომეცოცხლებინა. 

All these young dudes

  all these young dudes by k84u
"Perry Blake ისევ ყველა ამ ახალგაზრდა ტიპზე მღერის. ისევ ღამეა. ისევ ვერ დავითვალე ვარსკვლავები და ისევ ვერ ავარჩიე და ვერ ვიპოვე ის ერთადერთი წიგნი, რომელიც უსაზღვროდ მეყვარება და უსაზღვროდ ჩემი იქნება. მე სულ რაღაც 3-იოდე წამის წინ დავაფიქსირე, რომ ერთი სიმღერა მხოლოდ ამ აბზაცისხელა მონოლოგის დასაწერად არის საკმარისი. Sehr schade არადა! თუმცა Perry Blake-მა სათქმელი მაინც იმღერა და მეც გავიგე.
ეს ნაწერი რაზეა არვიცი. ამიტომაც იყოს indie, ისევე როგორც ეს სიმღერა.
დგება პერიოდები, როდესაც ადამიანები უცხოები ხდებიან და მეზიზღებიან. შემდეგ ყველაფერი მეზარება მათთან დაკავშირებული. კიდევ ისიც არის, რომ დაღლილობა სურვილებსა და მოტივაციებზე ბევრად ძლიერია. არადა რისგან ვარ დაღლილი, ვერაფრით გამიგია. რამდენიმე წელია უკვე, რაც დაფიქსირებული მაქვს, რომ ზედმეტად ოპტიმისტი ადამიანიც ისეთივე საზიზღარი არსებაა, როგორიც - ზედმეტად პესიმისტიც. ზოგჯერ მეფიქრება, რომ მათ არ იციან სიტყვა "პრობლემა", "გასაჭირი", "ნერვიულობა", "დარდი". არა კი შეიძლება ფრაზის "დღეს დედაჩემმა საყვარელი საყურე დაკარგა" შემდეგ აუცილებლად "არაუშავს, თქვენი ჭირიც წაუღია, ყველაფერი კარგად იქნება" მომესმინა, რადგან დედაჩემმა საყურე ვეღარ ვიპოვეთ და ქუჩაში დავარდნილ საყურეს ვინმე გამვლელი გაიყოლებდა. მაგრამ მაინც. არცთუ სასიამოვნო იყო დედაჩემის დანაღვლიანებული სახის ყურება. თუმცა ცხოვრება გაგრძელდა და ოპტიმისტმაც ხომ სწორედ ეგ მითხრა?!
ირინას იდაყვი ისევ მაგიდაზე დევს, ყურით კი - ხელისგულს ეყრდნობა, მომჩერებია. რამდენჯერაც თავს ზევით ვწევ და წერას ვწყვეტ, იმდენჯერ თვალებს აფართოებს და თითქოს მანიშნებს, აქ ვარ და აბა რა უნდა თქვაო. ირაკლი ფანჯარასთან დგას, მეუღლისგან განსხვავებით და ფარდის ბოლოდან მისი დასაწყისისკენ ბოლთას სცემს. უაზროდ, მაგრამ თავისთვის.
ამინდებს ცალკე დაბნეულობა მოაქვს. ვერ გავიგე რა ჩავიცვა. სამაგიეროდ ჩემმა ჩანთამ უკვე ზუსტად იცის, რითი დავამძიმებ მას მზიან ამინდში: ქუდი, კაშნე, ჟაკეტი, ხელთათმანი და ქოლგა. ამიტომაც უყვარს მას წვიმიანი ამინდი, რადგან ამ დროს მე მაცვია და მიკეთია, ის კი - მსუბუქია.
ყველაზე ცუდი გრძნობა სიძულვილის შემდეგ არის მობეზრება. და მე მართლა მთელი გულით მეზიზღება მობეზრებები. მაგრამ მგონი ბუნებრივი პროცესია. მობეზრების შემდეგ კი მგონი შეჩვევა მოდის. თვით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანი ბასა ჯანიკაშვილიც კი ამას ამბობს ქართული ძვირადღირებული ჟურნალი "სითი"-ს ფურცლებზე ოდნავ სხვანაირად: "ისეთი მამაკაცი, რომელსაც ადვილად მოატყუებ, სწრაფად გბეზრდება." ეს ისე, სიტყვა "მობეზრება"-ზე გამახსენდა, თორემ კონტექსტიდან რომ ამოვარდნილია და ბასას სასაუბრო თემაც სხვა იყო, მეც კი ვხედავ. უბრალოდ როდესაც რამე ან ვინმე მობეზრებული მყავს და მაქვს, მერე უკვე ფეხებზე მკიდია და წინ მივდივარ.
წავალ დავიძინებ დილის 6 საათზე, თუმცა მანამდე სიზმრის ჩაფიქრება მინდა და დამაცადოს ჩემმა კალამმა, თუ შეიძლებოდეს.
ის არამომაბეზრებელი და არამოსაბეზრებელი ადამიანები მინდა დამესიზმრონ დღეს, რომლებიც არც კი ვიცი ზუსტად, რომლები არიან. მაგრამ არიან იმედია. უბრალოდ მე მხოლოდ მომაბეზრებელ-მოსაბეზრებელ-მობეზრებული ხალხი მახსენდება.


უი ხო, სულ დამავიწყდა: ირინა და ირაკლი ჩემ მიერ გამოგონილი პერსონაჟებია. მაგრამ მგონი ეს სიახლე არ არის ჩემი ბლოგის მკითხველისთვის."

2010 წლის რომელიღაც სექტემბერი
დილის 6 საათს აკლია 3-4 წუთი ალბათ.
ადგილ-მდებარეობა: ჩემი ბანძი, ყავისფერი ბლოკნოტი
(off: მოლესკინი მინდა :წუწუნი:  )