ეგრეც რომ არ იყოს, სულაც არ მინდა ვინმემ სნობად ჩამთვალოს იმის გამო, რომ მაგარ ადგილას ვიყავი. ან ტრაბახა და "მარიაჟი" იმის გამო, რომ მაგარ ადგილას ვიყავი. რეალურად მე არც ერთი ვარ და არც მეორე. მე მესამე ვარ, რომელსაც უბრალოდ სიგიჟემდე უხარია, რომ მისთვის საოცნებო და მისთვის მაგარ ადგილას იყო. არადა რომ შემეკითხნენ სად იყავი, როგორ დაისვენეო, იტალია და სარდინიის კუნძულიმეთქი რომ ვთქვი, ეგრევე წამოვიდა: "რომ არ დამახარბო, ისე არ შეიძლება ხო???" არადა არც მიფიქრია, მე უბრალოდ მათ მიერ დასმულ კითხვას გავეცი ამომწურავი პასუხი, თორემ მივდივარ ახლა დღე-დღეზე ბათუმში და გაღიმებული ვივლი.
გუშინ ბოთესთან დავრჩი. მიყვარს მასთან დარჩენა. სიმშვიდე და წვიმის ჰაერია ხოლმე მაღალ სართულზე. მანამდე ჩემი სახლიდან ბოთეს სახლამდე ერთი გოგოს ოჯახურ დრამას ვისმენდი სამარშრუტო ტაქსში. ცრემლიანი და აკანკალებული ხმით ვიღაცას უყვებოდა ტელეფონით როგორ შეხვდა ყოფილ ქმარს (სავარაუდოდ) და დედამთილს, რაოდენ საშინელი ამბები გადახდა and all that Gurjistan things.
ღმერთო, როგორ დავიღალე!!!
ნათიასთან სიმშვიდეა და ვარდისფერი ოთახი. ვარდისფერი ლოგინის გადასაფარებლით, ვარდისფერი ბურთის ფორმის ჭაღით, ვარდისფერი კედლებითა და კიდევ ვარდისფერი რამეთი. და მიუხედავად იმისა, რომ არც მე მიყვარს ვარდის ფერი და ნათიაც სხვანაირ საძინებელ ოთახზე ოცნებობდა, მაინც კარგად ვართ ასე. რაღაცას შეგუებულები. ოღონდ არვიცი რას. სულ ასე ხდება.
საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ "მაინც არ იყო ძმარიო, შიგ გაურიეს წყალიო" სიტუაცია მოვიშორო თავიდან. არ შემიძლია ადამიანთან გრძნობის გარეშე ყოფნა იმ მოტივით, რომ ერთმანეთს კარგად ვეფერებით და კარგად ვუჟუჟუნებთ თვალებს. ვიმალებოდით მთელი ცოცხალი სამყაროსგან და რატომ იყო ეს ჩემთვის მისაღები, არ მესმის.. ან ჩემს პრინციპებს რაღა 23-ე სართულზე ასვლისას ჩაეძინათ, ვერ გამიგია. რაც არ უნდა იყოს, მისთვის ყველაფერი გაუგებარია, ჩემთვის კი გარკვეული და ნათელი. ვერ იჯერებს იმას, რომ ადამიანები იცვლებიან და კითხვაზე: " ასეთი რა მოხდა იმ ორ კვირაში იტალიაში, რომ ჩემთან ურთიერთობა აღარ გინდა???" ვპასუხობ აღელვების გარეშე და სიმშვიდის წარმოუდგენლად დიდი დოზით: "არაფერი." არაფერი მომხდარა და რა ვუთხრა??? უბრალოდ იტალია მხოლოდ გართობის ადგილი არ ყოფილა ჩემთვის, იყო ბევრი ფიქრისა და ცოტა ტირილის ქვეყანა. არა, იტალია არა, უფრო სარდინია. რომში ზღვა არ არის და კალიარიში ზღვაზე წოლისას ბევრი იყო ჩემს ნაცრისფერ ნივთიერებასთან მოსული აზრი. საერთოდ ზღვამ ფიქრი იცისო უთქვამს ერთ ადამიანს, რომელიც ახლა ამ პოსტს წერს. ხოდა ეგრეა.


