ყაზბეგი, გუდაური, გერგეთი, მარიამობა

არც კი ვიცი საიდან დავიწყო მოყოლა.
მოკლედ რამდენიმე კვირაა, ჩემი უსაყვარლესი ჯგუფელი ნათია ცდილობს "შემაბას" მარიამობაზე ყაზბეგში წასვლასთან დაკავშირებით. მე ფეხს ვითრევდი იმიტომ, რომ ვფიქრობდი ძლივს 3 დღე დასვენება გადაება და ბათუმში წავალ და იქიდან მე და დედაჩემი ერთად ჩამოვალთმეთქი. მაგრამ საოცრად დამეზარა ბილეთზე სირბილი, ასე რომ ისევ ნათიას მივადექი და თანახმა ვარ, პირველად ჯგუფელებთან ერთად მოვდივარმეთქი.

9–ზე რომ უნდა ვყოფილიყავით მშობლიურ ტექნიკურ უნივერსიტეტთან, თქვენმა მონა–მორჩილმა რათქმაუნდა დაიგვიანა. 9 საათზე მე ჯერ კიდევ აბაზანაში ვიყავი. არადა რა კარგად და როგორი ნაზი ხმით გამაღვიძა ნათიამ დარეკვით:"გაიღვიძე, ქეთ.". 9 საათიდან ნათიამ უკვე ისტერიული რეკვები დაიწყო. როგორც აღმოჩნდა ყველა მისული იყო ჩემს გარდა. ლამის გამლახეს. 10-ის ნახევარი იყო თურმე უკვე.

სამარშრუტო ტაქსი იყო არაჩვეულებრივი, სუფთა და კომპაქტური. მძღოლიც არაჩვეულებრივი, ნათიამ მითხრა იქაურია და გზა იცის ძალიან კარგადო. ძალიან მოვიხიბლე ტრანსპორტის სისუფთავით თუ კომფორტულობით. წავედით 9 ადამიანი. აქედან 8 ჯგუფელი.

სურათების და ვიდეობის დადება უკიდეგანოდ მეზარება.
და იმედია არ გეწყინებათ.
შეგიძლიათ ჩემი Facebook–ი აითვისოთ და იქ ნახოთ.
ხო, თან ვიდეოებიც ავტვირთე, სადაც ნათლად ჩანს, რა სასტიკ მდგომარეობაში ვარ საშინლად დაქანებულ ბილიკზე ჩამოსვლისას.
ამას დამატებული ისტერიკაში ჩავარდნა და სიცილი.
ნუ ეს სიცილი უკვე აღარავისთვის არაა სიახლე.
დიდი ხანია ეს მახასიათებს და იმდენად დიდი ხანი, რომ ხალხს უკვე აღარ აქვს ამაზე რეაქცია.

ყაზბეგი – ეს არის ულამაზესი მხარე. ვტკბებოდ მისი სილამაზით და ვფიქრობდი, ღმერთო, ცოტა ხნით მაცხოვრე აქმეთქი. რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, აქ არის მაინც.
სიმშვიდე...
მშვიდი ხალხი...
მთა...
მზე...
მოხევური ხინკალი...
თავგადასავლები...
სუფთა ჰაერი...

აქეთობისას გუდაურში გავჩერდით და უუუუუუუუუუუგემრიელესი მოხევური ხინკალი მივირთვით. ნუ ეს იყო რაღაც სასწაულად გემრიელი. თბილისში ეგეთი არც მიჭამია. თბილისში გაკეთებულისგან განსხვავებით აქვს ცოტა წვენი და არის პატარა. მაგრამ ვაიმეეეე... თუ ნამდვილი ხინკლის გემო გინდათ იგრძნოთ, აუცილებლად ერთხელ მაინც წადით გუდაურში მდებარე რესტორან "გაგიეთ"–ში. დამერწმუნეთ, არ ინანებთ.

რომ კვდებოდეთ, ფეხები რომ გეკვეთებოდეთ, აუცილებლად ადით გერგეთზე. დამიჯერეთ ხანგრძლივი გზა და რთულად ასასვლელ–ჩამოსასვლელი ბილიკი არაფრად მოგეჩვენებათ, როდესაც ქვეყნის ერთ–ერთ ყველაზე მაღალ ადგილზე დაადგამთ ფეხს.


ჯერ კიდევ იქაურ ემოციებში ვარ.
და იმდენად ვარ, რომ ძალიან მიჭირს იმ დიდ სიყვარულის აღწერა, რასაც ხევის მიმართ ვგრძნობ.
ეს არის ულამაზესი მხარე.
კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ თბილისზე უკეთესი ადგილები არსებობს მშვიდად ყოფნისთვის.
ესეც მე, სასწაულად დაღლილი.

CD (37)

ჩემი საყვარელი მსახიობი 37 წლის გახდა დღეს, 30 აგვისტოს.

Happy B-Day, Cam








alone at home

ესეც ასე...
უკვე ორშაბათიდან მოყოლებული მარტო ვარ.
მთელი ოჯახი წასულია დასასვენებლად.
ხოდა დავრჩი მარტო.
მარტო ყველაფერთან, რასაც ყოველდღე ვუყურებ ისედაც და ვეხები.
ვეხები, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, სენსორულად.
ტანთ წითელი ადიდასის შარვალი მაცვია, გრძელმკლავებიანი სვიტრი 8 წლიანი გამოყენებით, რომელსაც დროთა განმავლობაში მკლავები კიდევ უფრო დაუგრძელდა.
ღამით კი თბილი საბანი და ზემოდან პლედი მახურავს (ანუ "ადიალა" ).
ახლა კი გავედი და "დუტი"–ს ჟილეტი ჩავიცვი.
სამსახურში ხალხს ვეხვეწები კონდიციონერს ჩაუწიეთმეთქი.
მცივა უკიდეგანოდ...
სიცივეა რა...
ზოგადად...

სანამ ოჯახისგან ვისვენებ, ....
კიარადა შეიძლება ოჯახი ისვენებს ჩემგან.
ხოდა სანამ, მანამ და მანამ, სანამ ერთმანეთისგან ვისვენებთ, საჭმელი დაობდა გინდ მაცივარში და გინდ მის გარეთ.
მეზარება ჭამა.
საერთოდ აღარ ვჭამ.
ა, ნუ თუ არ ჩავთვლით სამსახურში წახემსებას..
სხვა მხრივ კი მთელი ივლისი რამდენიმე გარგარსა და ხაჭაპურის ნაჭერს ვჭამდი.
მთელი დღის განმავლობაში.
დროთა განმავლობაში საჭმელი საერთდ შემზიზღდა.
სამსახურში ძველმა თანამშრომლებმა რომ მნახეს ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ყველამ სათითაოდ აღნიშნა ჩემი სიგამხდრე.
მკიდია რა.
აღარ ვჭამ.
სულ კუჭი მტკივა.
ნაჭამი ვარ თუ უჭმელი – სულ მტკივა.
დედაჩემის ჩამოსვლას ველოდები, რომ ექიმთან გამომყვეს.
ძალიან ხშირად შეტევები მაქვს ხოლმე.
ვიღაცამ ისიც კი მითხრა, ვაიმე მუცელი რა ჩავარდნილი გაქვსო.
აღარ მშია. და არ მინდა, რომ ვჭამდე.
მაგრამ ზოგჯერ გულის წასვლის მოახლოებას რომ ვგრძნობ, მაშინ იძულებული ვარ რამე მივირთვა.
და ამ დროს ნერვები მეშლება. ხომ შეიძლება არ იყოს ჭამა აუცილებელი???
ისედაც ამდენი რაღაც არის აუცილებელი და ბუნებრივი მოთხოვნილება???
და ეს ჭამა რა გახდა.
არადა ვიცი რაც არის თავი იმისა, თუ რატომ შემძულდა საჭმელი.
მაგრამ არ მინდა რა.
მღლის და მეზიზღება ყველა ის პროცედურა, რაც ჭამასთან არის დაკავშირებული.
შეძენიდან დაწყებული მოშორებით დასრულებული.
კიარადა... ანუ...
ბაზრიდან დაწყებული საჭირო ოთახით დასრულებული.
მეზიზღება.

საბოლოოდ დავკარგე მარცხენა ხელის არათითსა და ნეკაში მგრძნობელობა. ნეკაში – განსაკუთრებით. ადრე ვწერდი კიდევაც, ნოემბერში, გაბუჟებული მაქვს ეს ორი თითიმეთქი. ხოდა ახლაც ისევ ისე მაქვს. აღარ ვიცი რა მოვუხერხო. რა ვქნა, რაც არის, ეგ არის. იყოს. ის გამახსენდა ანჯელინა ჯოლი და ანუ მისის სმიტი რომ ეუბნება ბრედ პიტს ანუ მისტერ სმიტს ამ სამ თითში საერთოდ არ მაქვს მგრძნობელობაო. ხოდა მე ეგრე ვარ. მკიდია რა.
წასულები არ იყვნენ, იმავე დღეს კომპიუტერთან ჯდომისას იქითა ოთახის აივნის კარი ღია იყო, ჩემთან უცბად ფანჯარა გააღო ქარმა, ორპირი დადგა. ფანჯრის რაფაზე კი 3 ლიტრიან ქილაში ღოღნაშოს მურაბა იყო. ხოდა ფანჯარამ ამ ქილას გაარტყა და ისიც იატაკზე დავარდა და გატყდა. მთელი მურაბა დაისხა, საშინელება იყო რა. მთელი დღე იმას ვწმინდავდი მერე. მურაბიან ნამსხვრევებზე თითები გავიჭერი 6–7 ადგილას. მოკლედ რა.....

ახლა ვარ ასე. დებილურად.
საშინელ ხასიათზე.
+ უჭმელი.
+უძინარი.
საშინელ ხასიათზე ვარ ეს ზაფხული.
უსაშინლესი ზაფხული მაქვს.
და საერთოდ, რაც უფრო ძლიერ ვცდილობდი, 2009 წელი კარგი ყოფილიყო და საკუთარ თავსაც კი მივეცი პირობა, არ ვიტირებმეთქი, იმის ასჯერ საპირისპირო მოხდა. ხალხმა იმედები გამიცრუა და გული ძალიან მატკინა. დღეს სამსახურში რამდენჯერმე ცრემლი ყელზე მომადგა, მაგრამ უკანვე ჩავყლაპე. არადა ზოგჯერ როგორ მიჭირს ხოლმე ტირილის შეკავება. ძალიან. ჯერ კიდევ ჩარჩენილი ვარ იმ გულისტკივილში. და საერთოდ ეჭვი მეპარება, ოდესმე თუ ამოვალ ამ მორევიდან.
მკიდია უკვე საკუთრი თავი. რაც მომივა, ის მომივიდეს.
მკიდია ჯანმრთელობა. თუ რამე მჭირს კუჭზე, დაე მჭირდეს.

ასეთი ვიჯექი ზუგდიდამდე არადა. ახლა 3 ამდენი მაცვია.

მშობიარობა

ვინც დიდეზე დაწერილი პოსტი წაიკითხა თავის დროზე, იცის უკვე, რომ ბებიაჩემი პედიატრია, უფრო სწორად კი ნეონატოლოგი. ყველაზე საყვარელი პაციენტები მე მყავსო და მართალიცაა. მოკლედ, გავიხსენეთ ის ძველი და საამური დრო, როდესაც სამშობიაროში დავყავდი და ბავშვებს ხელში ვიჭერდი. და მეც გავყევი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თურმე შენობა გამოუცვლიათ და ძალიან გარემონტებულ და კომფორტულ პირობებში შეეძლო ქალს ბავშვის გაჩენა. მიშამ ეს მაინც გაუკეთა ხალხს.

მაშ ასე:
ამბავი სახელად : ბლოკი და ბლოგი
დილით, ადრე 8–ის ნახევარზე გამაღვიძა დიდემ, უკვე ადექი, რომ მოვასწროთო. მე, კოღოებისგან გამწარებულს ისედაც არ მეძინა, ასე რომ ეგრევე ავდექი. დეიდაჩემი წინა ღამით იყო მორიგე, ბებიაჩემი – დღეს. დეიდაჩემი მეან–გინეკოლოგია და ანუ ერთად მუშაობენ, თუმცა ცდილობენ ორივემ ერთი და იგივე დღეს არ იმორიგეოს. ავდექით, ვისაუზმეთ, მოვემზადეთ და გზას გავუყევით. ბებიაჩემს უკვე უჭირს სიარული, მაგრამ მაინც მხნედ გამოიყურება. ამიტომაც ადრე გავედით სახლიდან, უფრო მეტი დრო სჭირდება რა ავტობუსის გაჩერებამდე მისასვლელად. თუმცა ამ დროს მანქანა გაგვიჩერა ვიღაცამ, მე ინსტინქტურად დიდეს ხელი ჩავავლე და გამოვწიე. თურმე ლიანა დეიდა იყო მეუღლესთან ერთად. ლიანა დეიდა მთავარი ექთანია. მის მიერ გაკეთებული ნემსის კვალი აგერ უკვე 1987 წლიდან დღემდე ამაყად იმზირება ჩემი მარცხენა მკლავიდან აცრის სახით. ზუსტად ისეთია, როგორიც წინა წლებში. პუტკუნა, მწვანე თვალები. ბევრს რომ საუბრობენ ისეთი. მივედით, გადმოვედით. შევედით. ხო, აშკარად სხვა შენობაა. ერთ შენობაში განათავსეს მედიცინის ყველა დარგი. რომელი სადაა კონკრეტულად არვიცი, მაგრამ პირველ სართულზე რომ ქირურგია მოკალათდა, ეგ მახსოვს ნამდვილად. ავედით და გინეკოლოგიურს მივადექით. ყველა სათითაოდ გადამეხვია და გადამკოცნა. ზოგი არ ვიცოდი სახეზე, მაგრამ ვიცოდი ისე, მილიონჯერ რომ გაქვს სახელი და გვარი ყურში მოხვედრილი. ყველამ "ვაიმე, რამხელა გაიზარდა, რა ლამაზია" და ნუ ა.შ.–ები არ დამაკლო. მე ნეონატოლოგთა საორდინატოროში დავჯექი დიდესთან და დანარჩენ დიდესიანებთან ერთად. თავისი ხალათი გამომიღო და თვითონ ტანისამოსი გამოიცვალა. ჩაიცვა ექიმისთვის პრაქტიკული და უბრალო, მაგრამ მოსახერხებელი ტანსაცმელი. ამ ოთახის წინ კი მეან–გინელოკოგთა საორდინატოროა. დეიდაჩემი შემოვიდა, ოხ, ერთი ამას შეხედეო, სიცილით თქვა და მერე გავიდა. მაგარი სანახავი ვარ ექიმის ხალათით.

მე რათქმაუნდა ჩემი პატარა ნიკონი არ დავივიწყე და საქმეს შევუდექი.
აქედანაც კი მოსჩანს მეანების საორდინატოროს კარები. ძალიან კეთილმოწყობილი სიტუაციაა. დიდემ დრო იხელთა და პატარა ექსკურსია ჩამიტარა.

ეს იმის საჩვენებლად, თუ რას უშვრება ალკოჰოლი ნაყოფს.


ეს კი დედისა და ბავშვისთვის ყველაზე საჭირო და მოსახერხებელი პოზები.


ამასობაში გახდა დილის 12 საათი. მელოგინე უკვე იწყებდა მშობიარობას. ვთხოვე დამასწარიმეთქი. ბებიაჩემმა ქუდი დამახურა. მოვემზადეთ და გავემართეთ ბლოკისკენ. გზად უკვე "რაღაცნაირმა" შეგრძნებამ ამიარ–ჩამიარა სხეულში. დიდემ ხელთათმანები გაიკეთა, აბსოლუტურად მოემზადა და შევედით. მალე დეიდაჩემიც შემოვიდა. ნუ ეს სხვა დეიდაა, უფრო შორეული. ორივე დეიდა სამშობიაროში მუშაობს. ხოდა შევედით. მელოგინე საშინელ დღეში იყო. ისე კვნესოდა, ისე ტიროდა, სხეულზე შევხედე, ერთიანად ცახცახებდა. მე ბლოკში შესასვლელი კარებისგან მარცხნივ ვიყავი ატუზული. პატარა ნიშა იყო,სადაც მაღალი საკიდი იყო მოთავსებული და წინ – კარადა. ვცდილობდი, ეს საკიდი როგორმე დამეძრა და ღრმად შემედგა, რომ მე დავმდგარიყავი ამ ნიშაშიამ საკიდის ადგილას და კარადას ამოვფარებოდი. მაგრამ საკიდი ვერაფრით დავძარი, რკინის იყო და სავარაუდოდ, იატაკზე გამაგრებული. და ეს იმიტომ, რომ არ მეყურებინა იმ ტანჯვისთვის, რასაც ეს გოგო განიცდიდა. ეს არის სასწაულად რთული საყურებელი. მსუბუქი ნერვებისა და ჩემნაირი ემოციური და მგრძნობიარე ადამიანებისთვის არაა ადვილი. გოგო რა, უკვე ქალი, 30-35 წლის, რომელსაც ბევრად მეტი ეტყობოდა. დაბალი და გამხდარი. ექიმები ფიქრობდნენ, რომ მათ ჩაჭრა მოუწევდათ.

რამდენიმე მეან–გინეკოლოგი, ერთი ბებიაქალი, ერთი ნეონატოლოგი, სანიტარიც ერთი და მე. საუბარი იმაზე, თუ რა უნდა ჭამონ ცოტა ხანში, მჭადი სჯობს თუ ხაჭო და პური, მე თვალებს ვაცეცებ. ბებიაჩემმა სკამი მელოგინეს სიახლოვეს დადგა, დაჯდა, ფეხი ფეხზე გადადო და დაიწყო ერთის ქანაობა. სახეს შევხედე და ვაიმეეეე, სრულიად აუღელვებელი სახე. და ეს მაშინ, როდესაც ოთახში საშინელი კივილი ისმის. უცბად ვიღაცის ტელეფონი რეკავს. დეიდაჩემი: "უი ვიღაცის ტელეფონი რეკავს". მერე დეიდაჩემი მიტრიალდება და მეკითხება როგორ არის დედაჩემი, ჩემი და რას შვრება, რას ვშვრები მე, რას ვსაქმიანობ. მეც "კი, არა, არვიცი, არაუშავს"–ის რეჟიმში ვუპასუხე. გულში ვფიქრობ, რა დროს საჭმელზე საუბარია, რა დროს ფეხის ფეხზე გადადებაა, რა დროს ტელეფონია, რა დროს ჩემი მოკითხვაა,ქალი კვდება, ისე იტანჯება. მერე ჩემი სახის დანახვაზე დეიდაჩემის სიცილს ვხედავ და მესმის.
"ასე როგორ ძლებ???" – ვეკითხები.
"უჰჰ, მიჩვეული ვარ, რეაქცია აღარ მაქვს" – სიცილში მპასუხობს.
ქალი საშინელ ტკივილებს განიცდის და ესენი ჭორაობენ და არ ღელავენ. უკვე მივხვდი, რომ ორგანიზმში "რაღაცამ ჩამიარა". პირველი რაზეც დავფიქრდი ის იყო, ნასაუზმები თუ ვიყავი. ვიყავი, დილის 8 საათზე. მერე უცბად გავიფიქრე, ოდნავ მაინც თუ მეძინა ღამითმეთქი. კი, ოდნავზე ოდნავ მეტად მეძინა. აბა რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ წამი–წამზე დავეცემი??? აიიიი... უკვე დამიბინდა თვალებში... უკვე ვეღარ ვიხედები, უკვე ბინდი სუფევს ჩემს თვალებწინ. შემოვტრიალდი, კარები გამოვხსენი და გამოვედი. ვერ ვხედავდი ვერაფერს და მოვდიოდი გუმანით. გამოვიარე დერეფანი, მეორე დერეფანში შემოვედი და ზევით რომ სურათი დევს, იმ ოთახის კარი შევაღე. რათქმაუნდა ექიმებით სავსე.
"ვაიმე, ცუდად ვარ" – ერთადერთი ფრაზა, რისი ამოლუღლუღებაც შევძელი. ეგრევე დამაწვინეს, წყალი მომიტანეს. "ააა, ვერ გაუძელი ხო???" და სიცილები. უცბად ტანში გამაჟრიალა და ვიფიქრე, რომ ხომ არ ვკვდებიმეთქი, მალევე წამოვჯექი. და დავიწყე მოყოლა. მეც კარგი ტიპი ვარ რა, ვუყვები ხალხს მშობიარეს ამბავს. ეს ისეთია რომ, ლოთს ალკოჰოლის რაობაზე ვესაუბრო. მთელი ცხოვრება მაგას უყურებენ და მე რატომ გადავწყვიტე, რომ ეს მათთვის რამე სიახლე იქნებოდა მათთვის. არვიცი. მაგრამ მაინც იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ვერ გავჩუმდი. მერე ვიფიქრე მეანების საორდინატოროში შევალ და დეიდაჩემს ვნახავმეთქი. იქ იყო. მოვუყევი ასე და ასე დამემართამეთქი. მერე რას შედიოდიო. მართალი იყო, რას შევდიოდი, ვის რას ვუმტკიცებდი??? რომ მაგარი ვარ??? რომ შემიძლია ნერვებისა და გულის ატოკების გარეშე მშობიარობას ვუყურო???კი, როგორ არა.
ის მეორე დეიდა შემოვიდა.
"დაბადა???" – რომელიღაც მეანი.
"არა კაცო, ჯერ ჭინთვებიც არ დაწყებია წესიერად. ჩაი დამისხით ცოტა."
მერე ჩემს შეცბუნებულ სახეს შეხედა.
"არაუშავს ქეთუნა, შენ თავის გამოჭრაზე შეგიყვან" – მეც გავიღიმე. დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ გაუთხოვარი და ჯერ უშვილო გოგოსთვის მშობიარობის ყურება არის ძალიან რთული. ამ დროს შემოვიდა განყოფილების უფროსი, რომელიც რუსია.
"Она уже родила."
შვებით ამოვისუნთქე. პირველი იმიტომ, რომ მშობიარეს ტკივილს ბოლო მოეღო და მეორე იმიტომ, რომ ჩემს ნერვიულობასა და შფოთვას წერტილი დაესვა. გავედით, გავუხვიეთ ბლოკისკენ. დიდე იქ იყო. ბავშვი დედის გულზე, ზემოდან "ადიალები", რომ ბავშმა იგივე ტემპერატურა შეინარჩუნოს, რაც მუცლადყოფნის დროს ჰქონდა.
"ესეც შენი B ჰეპატიტი" – დიდემ ხელთათმანები გაიძრო. ეს ისეთი ტონით თქვა, რომ მის მაგივრად მე მომერიდა ახლა უკვე ნამშობიარევის. წესით დედის ძუძუ უნდა მიეცათ, მაგრამ რადგან დედას B ჰეპატიტი სჭირდა, ამიტომაც ეს პროცედურა გადაიდო ცოტა ხნით. მალევე ქალსაც და ჩვილსაც 200 ევროიანი ნემსები გაუკეთეს და 3 საათში ბავშვს პირში დედის ძუძუ ჩაუდეს. 200 ევროიანი ნემსები იმისთვის, რომ დაავადება დედისგან არ გადასდებოდა.
დავჯექი და დავიწყეთ საუბარი. მე,მელოგინე და ბებიაქალი.
"რა არის ახლა ეს, საიდან გადაგედო???" – ბებიაქალი მკაცრი ტონით.
"არვიცი". გასაწყლებული ხმით.
"ქმარს სჭირს???"
"რავიცი, არ ჰქონდა თითქოს". უარესად გასაწყლებული.
ამ "რავიცი, არ ჰქონდა თითქოს"–მა საშინლად გამაბრაზა. რას ჰქვია "არვიცი" და "თითქოს".
"სტომატოლოგთან იყავი???"
"კი, ვიყავი მგონი ბოლოს."
მორჩა, რაც არ უნდა იყოს, გინდ ასე და გინდ ისე, დაავადებულია უკვე.
მალევე გავიდა ბებიაქალი, მე საუბარი დავუწყე იმაზე, რომ რა კარგი ქნა, რომ წალენჯიხიდან ზუგდიდში ჩამოვიდა. თურმე იქ ტარაკნები დადიოდნენ პალატაში. მერე ბავშვის რეფლექსებზე დავუწყე საუბარი.
"თქვენ ალბათ ბებიისგან იცით ხო ასეთი რაღაცეები???"
"ა, უი არა, მე თვითონ ვიცი, ჩემით."
მალე გამოვედი და ახლა უკვე ექთანმა შემოვლაზე წამიყვანა.

ესეც მე ექიმის ამპლუაში.


მერე ფოტოაპარატი შემოვდე, ავტო–გადაღებაზე დავაყენე და ჩვენ ორს გადავუღე სურათები.



რახან დიდე მორიგე იყო, დეიდაჩემს გამოვყევი სახლში.
აგერ ეს "მომლოდინე რეჟიმში" მყოფი ნათესავები.


მეორე დღეს დიდე ანერვიულებული და უძინარი მოვიდა. ის ბავშვი თურმე გაყვითლებულა. სისხლი ვერ იგუა დედის, დედა ტიროდა საშინლად ბავშვი გადამირჩინეთო. სასწრაფოდ ქუთაისში გადააგზავნესო. B ჰეპატიტიანი რომ იყო დედა, მაგანაც იქონია უარყოფითი გავლენაო.
ბოლოს ბავშვი მაინც გადარჩა და ახლა ნორმალურად ვითარდება.



პოსტის ბოლოს კი ეს ვიდეო.

ახალი დიზაინი

მე არვიცი, რა მეშველებოდა, მარიამისნაირი ადამიანი რომ არ არსებობდეს ინტერნეტსივრცეში.

შემარჩევინა, ტვინი ვუღრძე.
"ეს ასე არ იქნება???"
" ეს რომ გავაქროთ, არ გამოვა???"
და ა. შ.
ერთადერთი "გააგრძელეთ კითხვა" აღარ არის, მაგრამ მაგას ადვილად შევეგუე.

მოკლედ, მოვრჩი რა.
გავიარე ის პერიოდი.
დეპრესიული ბლოგის პერიოდი.
ჩაჟამებული ფერები.
ყვითელსა და ყავისფერს შორის გაყინული პესიმისტური ფერი.

და ცხოვრების რაღაც ეტაპიც გავატანე.
აღარ მინდა, რომ ცუდად ვიყო.
თავი საოცრად ოსტატურად ამყავს ხელში.
ზოგჯერ ისე ოსტატურადაც, რომ საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას: "მოიცა შენა და მართლა კარგად ხარ???"
ერთმა ჩემი, ლილიანისა და სვითის საერთო ნაცნობმა თქვა. ზოგჯერ ისე ვიტყუები, რომ მე თვითონ მჯერაო.
კიარადა...
ხო რა... ეგ არის.
მაგრამ ეგ არაფერი.
ყველა ტყუილი არ არის მავნებელი.

საყვარელია ყველაფერი ამ ბლოგში.
რაც არის, ყველაფერი მიყვარს.
იმდენი ფუნქცია არის, რომ იმ წინა დიზაინს არც დაესიზმრებოდა.
მაგალითად: პოსტის ადგილზევე რედაქტირება.
არადა, ადრე "სეთინგებში" უნდა შევსულიყავი, რომ ერთი პატარა გრამატიკული შეცდომა გამესწორებინა.

ამას პლუს ის, რაც სასწაულად მომწონდა და მინდოდა.
ანუ კომენტარები პოსტის ზევით არის მოთავსებული.
აი ამის გამო ორმაგად შემიყვარდა ეს დიზაინი.

ჭრელი ფერები, რომლებზეც ვგიჟდები.
გვერდით ჩემი მეილი ჩავამატე.
მართალია, აქ ის არ ჩანს სწორი სახით, მაგრამ რომ დააჭერთ , სწორი ვერსია ირთვება.
კერძოდ კი ჩემი მეილია imk84u@yahoo.com
I am kate for you ანუ.
მარტო k84u მინდოდა, მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა.
მაგრამ ეგ არაფერი.
ხოდა აქ წერია iamk84u@yahoo.com.
a საიდან ჩაეკვეხა, არვიცი.
სავარაუდოდ, მე ავკრიფე სიჩქარეში. ახლა ვერ სწორდება.
მაგრამ ეგ არაფერი.
ლინკის დაჭერით მაინც სწორ მისამართზე გადის, ასე რომ np.

მოკლედ სულ ეს იყო.
ახალი დიზაინი=ახალი განწყობები.

ბავშვობაში მეგონა.. Imeme

ე. ი. თავდაპირველად მადლობას გამოვუცხადებ ტკბილსა(ანუ სვითის) და ჩემს "მორცხვისმაილიკს"(ანუ ჰერმიონეს და ანუ იგივე ანას) იმისთვის, რომ გამიხსენეს და დამტაგეს ამ პოსტთან დაკავშირებით. აგრეთვე მადლობა გოჩას, რომელიც აპირებდა ჩემს დატაგვას. თუმცა რახან ორმა უკვე ქნა ეს, მგონი საკმარისია იმისთვის, რომ დავწერო პოსტი.
ყველაფერი კი დოდის ამ პოსტით დაიწყო. მადლობა დოდკას ამ იდეის ჩასახვა–განხორციელებისთვის.


მაშ ასე:

მეგონა, რომ თოვლის ბაბუა არსებობდა.
და მეგონა საკმაოდ დიდხანს, 11 წლამდე. არვიცი კიდევ რამდენი ხანი დავიჯერებდი მის არსებობას, რომ არა ბებიაჩემი (მამაჩემის დეიდა), რომელმაც გადაწყვიტა დისშვილის ბიუჯეტს გაფრთხილებოდა და ტელეფონით მახარა, რომ არ არსებობსო. გულში ალბათ ფიქრობდა "ის იკმარე, რამდენიმე წლის წინანდელ ახალ წელს "dendy" რომ მიიღე"–ო. მოკლედ ასე დამემსხვრა კეთილი მითი თოვლის ბაბუის შესახებ.

მეგონა, რომ თუ თვალებს დავხუჭავდი, სურვილს ჩავიფიქრებდი და ბაბუაწვერას სულ შევუბერავდი, ის სურვილი ამისრულდებოდა. აუცილებელი იყო, რომ ბაბუაწვერა მთლიანად "გამეშიშვლებინა."

მეგონა, რომ დაძინებისთვის აუცილებლად ყოველღამე ცხვრები უნდა მეთვალა.

მეგონა, რომ ბაღი იყო ციხე.
და იქ იმიტომ შემიყვანა დედაჩემმა და მტოვებდა, რომ ჩემი მოშორება უნდოდა. კიდევ კარგი ამ ბაღში,რომელიც ჩემი სახლის წინ მდებარეობს, მხოლოდ რამდენიმე საათი ვრჩებოდი. ვერ ვიტანდი ვერც ერთ ჩემს ბაღელს, რადგან დებილები მეგონა ყველა მათგანი, დებილებივით იმეორებდნენ ლექსებს, რომელთაგან ერთიც არასოდეს მისწავლია. ვერ ვიტანდი დღისით ძილს, მითუმეტეს სხვის ლოგინში და კიდევ კარგი, როდესაც ეს დებილი ბავშვები იძინებდნენ, მე სახლში მოვდიოდი 2 ფეხის ნაბიჯზე.

მეგონა, რომ ჩემი და სულ ტიროდა.
არადა ის მხოლოდ მაშინ ტიროდა, როდესაც მის საძულველ და მამაჩემის უსაყვარლეს საგანს (ანუ მათემატიკას) მეცადინეობდა. ის კი ყოველთვის ტიროდა ამ საგნის მეცადინეობის დროს, რადგან არასდროს ესმოდა. (დღემდე არ იცის გამრავლების ტაბულა)

აქედან გამომდინარე მეგონა, რომ მე მასზე ჭკვიანი ვიყავი, რადგან როცა ის 9 წლის ასაკში მათემატიკას ვერ გებულობდა, მე 4 წლის ასაკში უკვე ვიცოდი, რიცხვების წერა, ცნობა, ანგარიში, ქართული წერა–კითხვა, რუსული წერა(ოღონდ ბეჭდური, ჩემი დის რუსულის სახელმძღვანელოდან დაკოპირებული ) და კითხვა, ინგლისური წერა–კითხვა. მახსოვს ჩემმა დამ დებილი მიწოდა, როდესაც მე დავწერე girl, ვთარგმნე და წავიკითხე როგორც "გირლ". ამის გამო "რა დებილი ხარ, ეგრე არ იკითხება" და დაცინვა დავიმსახურე მისგან.

მეგონა, რომ წიგნის კითხვა დროის კარგვა იყო.
ამიტომაც ბავშვობაში ერთეული ნაწარმოებები მაქვს წაკითხული, ისიც "აუცილებელია, უნდა წაიკითხო"–ს შედეგად.

მეგონა, რომ ბაბუაჩემს ინსულინის ნემსებს რომ ვუკეთებდი, საერთოდ არ ტკიოდა.
ერთხელ ნემსის მუცელში გაკეთებისას, ნემსი გამეღუნა, რის გამოც ბაბუაჩემმა ამოიკვნესა. მე ამაზე ავნერვიულდი, ვატკინემეთქი. მას შემდეგ კარგა ხანი არ ვეკარბოდი. მერე ნელნელე ისევ დავიწყე. ან ფრთხილად ვუკეთებდი, კიდევ არ ვატკინომეთქი. ან ისევ ბებიაჩემს ვაკეთებინებდი.

მეგონა, რომ გადახოტრილი თმები არასოდეს გამეზრდებოდა.
ტილებიანი თავით ჩამოვედი ბებიაჩემისგან, ლაგოდეხიდან. და იმდენად ისტერიულად ვიგლეჯდი თმებს, რომ გრძელი თმები დედაჩემმა ჯერ მაქსიმალურად შემჭრა, მერე კი მამაჩემის "Brown"–ის ელექტრო–სამართებელი გადამატარა თავზე. სარკესთან მივედი, ჩავიხედე და "ახალი" თავი რომ დავინახე, ისტერიული ტირილი დავიწყე. მთელ ხმაზე ვტიროდი. მერე ჩემი და და მამაჩემი შემოვიდნენ ოთახში. მამაჩემმა მოფერება და კოცნა დამიწყო, ჩემმა დამ – რათქმაუნდა დაცინვა. 3–ჯერ მაინც მაქვს თავი ტილების გამო გადახოტრილი ან ძალიან მოკლედ შეჭრილი.
აქ 7 წლის ვარ და აი ტილების შედეგი:

მეგონა, რომ სიკვდილი არ არსებობს.
ადამიანს უბრალოდ სძინავს, რომ მასთან ბევრი მნახველი მივიდეს და მოიკითხოს, მერე კი უცბად წამოდგება და იტყვის: "არ მელოდით??? გავიღვიძე" ყველას ძალიან გაუხარდება ეს ფაქტი და ამის მერე დაიწყება ქეიფი. და ზუსტად ამ ქეიფს ეწოდება ქელეხი.

მეგონა, რომ ბევრს თუ ვიცინებდი, აუცილებლად ძალიან ბევრ ტკბილეულობას მომიტანდნენ.
ეს ალბათ იმის გამო მითხრეს, რომ to prevent me from crying. რადგან სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი ხოლმე ტირილსაც არ ვაკლებდი.
ეჰჰ...


მეგონა, ნაოჭები არასოდეს მექნებოდა.
ეს მითი მამაჩემმა დამიმსხვრია, როდესაც მითხრა, იმდენად სულ ცუდ ხასიათზე და წარბშეკრული ხარ, რომ წარბებს შორის ღარი გაქვსო. ჩავიხედე სარკეში და მართლა მქონდა. დღემდე მაქვს.
ჯერ კიდევ 3 წლის ასაკიდან დაიწყო ამ ღარმა ხორცშესხმა და აღმოცენება ჩემს სახეზე.


სულ ესაა...
რაც გამახსენდა.

აბა თქვენ იცით, არ შემარცხვინოთ.


Rest In peace

14–ში, ჩვეულებრივად ვისხედით თანამშრომლები და ვმუშაობდით.
არაფერი განსაკუთრებული.
მერე, ამასობაში უფროსი მივიდა მასთან და კომპიუტერში რაღაცას ანახებდა.
ესეც არაფერი ისეთი.
უცბად ამ გოგოს მესიჯი მიუვიდა. მან "ვაიმე დედა"–ო და პირზე ხელი აიფარა.
მოულოდნელად შევხედეთ.
"მეგობარი დამეღუპა ავარიაში, თვეების შვილი დარჩა"–ო.
მთელი ის დღე ჩვენც უხასიათოდ ვიყავით.
დათრგუნულები.
დღეს დოდისთან და ნატოშასთან შევედი ბლოგებში და თურმე....
ჩვენი მეგობარი ბლოგერისა და ფორუმელის მირას მეუღლე - გიორგი გარდაცვლილა ავარიაში.
საშინელ ხასიათზე ვარ.
არადა როგორი ბედნიერები იყვნენ.
მახსოვს მირა ჯერ კიდევ წინა წლებში მიყვებოდა ბეთხოვენაზე ერთად ვართ და მალე დაქორწინებას ვაპირებთო...
მერე იქორწინეს, შვილი შეეძინათ – ნატალია...
თავ–თავიანთ ბლოგებში სულ დებდნენ ცალკე მირა და ცალკე გიო ბავშვის სურათებს და ვხედავდი, როგორ კარგად და ბედნიერად ცხოვრობდნენ მთელი ოჯახი...
საშინელებაა რა...
კოშმარი, რომელიც სამწუხაროდ რეალობაა...

გუშინ მირასთან ავედით მე და სვითი.
It was awful. მირამ ჩამიკრა და მეც არ მინდოდა მისი მოშორება.
მინდოდა ჩამეკრა. არვიცი რამდენი ხნით. მაგრამ 5 წამით არა. ბევრად მეტი ხნით.
ბევრად. ბევრად.
კიბეებზე ავდიოდით და მარის ვუთხარი, ხომ არ გამეცინებამეთქი.
სვითიმ გაოგნებული სახით შემომხედა, არა გოგო, რას ამბობო.
არადა თითქო უკვე გამოვედი იმ ასაკიდან,როცა ბავშვები გებულობენ რა არის პანაშვიდი და ა. შ.
არ მახსოვს პანაშვიდი, გასვენება... სადაც არ მიტირია. არ მახსოვს. არ შემიძლია ეს ოფიციალური წრის დარტყმა და "ვსიო, წავედი, კარგად იყავით" გა
კარებს როგორც კი მივუახლოვდი, თავი ვეღარ შევიკავე.
უბრალოდ ვეღარ შევიკავე.


მირა.
მირა.
მირა.
მირა.
მირა.
ნატალი.
მირა.
ნატალი.
მირა.
დავინახე და არვიცი.
მართლა არ ვიცი.
ჩამეკრო. ჩამეხუტა.
ისე ახლობლურად.
არადა ისევ მახსენდება ყველა ის msn საუბარი რამდენიმე ხნის წინ: "ქეთ, იცი შეყვარებული მყავს და ალბათ წელს გავყვები. დიდი ხანია ერთად ვართ და რავი აბა. არადა თან სახლში მინდა, ჩემებთან. ჯერ რა გვეჩქარება."
მერე გათხოვება.
მერე მთელი 9 თვე.
მერე უცბად მირას ბლოგი გაივსო ნატალიას სურათებით.
მერე გიოს ბლოგშიც ნატალია.
ბავშვი, სახელად "დუდღნიკი".
მერე მირას ბლოგის სახელის დარქმევა ჩემს ბლოგროლში "დუდღნიკის დედა".
აი ასე გიყურებდით შორიდან.
და ერთი დამატებითი ღიმილის საბაბი მეძლეოდა.
რომ კარგად ხართ.
გიო საერთოდ ნანახი არ მყავდა. სურათებიდან ვერ ვახერხებდი მისი სახის დამახსოვრებას. რაღაც ვერ. ყველა სურათში სხვანაირი იყო და იმიტომ. არადა ახლა რომ ვიხსენებ, ბუნდოვნად მახსენდება ტექნიკური უნივერსიტეტი. და იქ მიტივტივდება გიოს სახე. მეცნობა. მაგრამ მაინც ბუნდოვნად.
მინდოდა მირასთან ჩავცუცქულიყავი.
არ შემიძლია ასე გვერდი ავუარო ამ ამბავს.
დღეს ჩემი თანამშრომელი მარი 2 საათით გაენთავისუფლა უფროსს, რადგან დაკრძალვას დაესწრო. მეც მინდოდა. მაგრამ მერე ვინღა იმუშავებდა 2 ადამიანის ნაცვლად.
გავალ, გამოვალ, მაინც იქ ვარ.
მისი სახე მიდგას თვალწინ.
მერე ეზოში ჩამოვდივართ მე და სვითი.
და ნატალია ვიღაცის ხელში. იცინის. ვერც იაზრებს. არც ახსოვს. მხოლოდ სურათებიდან ემახსოვრება.
აუ არვიცი რა.
მართლა არვიცი.
უბრალოდ არვიცი.

back to Tb

კვირა დილა...
კიარადა ჯერ შაბათი ღამე.
ზუგდიდი.
ცხელი შხაპი მივიღე.
ძალიან მციოდა.
წვიმები თითქმის გაუთავებლად.
ზოგჯერ ნოემბრის და არა აგვისტოსი.
გაყინული შევედი ცხელი ჭავლის ქვეშ.
უფრო გასათბობად, ვიდრე დანიშნულების გამო.
რომ შევდივარ, მერე გამოსვლა აღარ მიყვარს.
თბილად ვარ. თან საშინელი მცივანა ვარ.
გამოვედი, პატარა ჩანთა ჩავალაგე.
ჩემოდანსაც რომ ვერ უწოდებს კაცი.
ოთახში წამოწოლილი დედაჩემის შენიშვნა.
"მაინცდამაინც ღამის 1 საათამდე უნდა მოგეტანა ჩანთის ჩალაგება" და ა.შ.–ები.
კოღოები სადაც ნაკლებია, იქ ვწვები.
ანუ ზალაში, ტახტზე, თუმცა ლოგინის მხრივ პრეტენზიული არ ვარ. მთავარია სიგრძით ვეტეოდე.
და სიგანის ნაკლებობასა და მოუხერხებლობას ავიტან.
ღამის 2–ის წუთები.
3 საათში უკვე ფეხზე უნდა ვიყო.
ბიძაჩემს მანქანით მოვყავართ მე და დედაჩემი.
როგორი ბიძაა არ მკითხოთ. ბაბუაჩემის ბიძაშვილის შვილია,დედაჩემი ბიძაშვილად მიიჩნევს, და მეც – ბიძად. საერთოდ სამეგრელოში სულმთლად ყვავი ჩხიკვის მამიდა რომ იყოს, მაინც ვახლობლობთ, თუ ვიცით, რომ რომელიღაცა ჩვენი წინაპრის ვიღაც იყო.


ვწვები...
ვიცი, რომ უნდა დავიძინო, რადგან 3 საათია ადგომამდე.
და დილის 11 საათზე სამსახურში გასაუბრებაზე უნდა ვიყო.
არვიცი როგორ მოვასწრებთ თბილისში ისე ჩასვლას, რომ 11–ზე უკვე გასაუბრებაზე ვიყო.
დაგვიანებაზე საუბარიც არ არის.
მაგრამ მაინც ტელეფონს ვიღებ მაგიდიდან.
100%–ით დატენილ ტელეფონს.
და ვიწყებ Twilight–ის კითხვას...
კიარადა ვაგრძელებ.
ჯანდაბა!!!
აზრი არ აქვს, ძალიან გვიანია, "ნარკომანის თვალებით" მისვლა კი იქ არ მინდა.
ვდებ ტელეფონს და ვხუჭავ თვალებს.
და თითქოს 5 წუთში მესმის ჩემი ტელეფონის საშინლად უსიამოვნო და გამაყრუებელი ხმა.
ვტრიალდები და კარებზე ვუკაკუნებ დედაჩემს.
"ხო, მღვიძავს უკვე."
მე ძილს ვაგრძელებ, თუმცა მალევე დედაჩემი შემოდის ზალაში.
"ადექი, მალე უნდა გავიდეთ, სოსო სადაცაა მოვა."
დაჰიპნოზებული დავდივარ ოთახებში, აბაზანას ვეძებ.
წყლის შესხმა, კბილების გამოხეხვა, ლინზები...
ყველაფერს ვაკეთებ, მორჩა, მზად ვარ.
ჩაი მინდა ნახევარი ჭიქა მაინც.
"ვაიმე, შენ უკვე აქ ხარ?! ახლავე ჩამოვდივართ."
ჯანდაბა, ჩაისაც ვერ ვასწრებ, მაგრამ მირჩევნია დროზე გავიდეთ.
მივდივართ სენაკში, კიდევ ერთი მგზავრი უნდა დავიმატოთ, მე და დედაჩემი უკან ვსხედვართ.
დედაჩემი არვიცი და მე საშინლად ვზივარ, შუაში ბიძაჩემის გრძელი, სპორტული ჩანთა მიდევს, რის გამოც ვერ ვეტევი. თან მცივა, მაგრამ მერიდება რამე რომ ვთქვა.
სენაკი დილის 5 საათზე.
რატომღაც მეგონა, რომ უარეს მდგომარეობაში იქნებოდა.
მაგრამ სოფლის და ზოგადად საქართველოს პირობაზე არაჩვეულებრივია.
გალამაზებული, მოვლილი, დახვეტილი.
ძალიან მომეწონა.
თვალებს ფართოდ ვახელ და ვამჩნევ, რომ რაც კი სახლი დგას, აბსოლუტურად ყველა აგურისაა, წითელი აგურის. და ყველა ეს სახლი თითქოს ერთნაირია და ლამაზი, მყუდრო.
არის კორპუსებიც და ანუ შესაბამისად ბინებიც.
რომ არ ვიცოდე, რომ სოფელში ვარ, ვერაფრით ვერ დავიჯერებ.
თვითონვე მიკვირს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის არის პატარა საყვარელი ქალაქი.
თეატრიც გარემონტებული, შადრევნები ლამაზად მოპირკეთებული.
აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.
დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასეთ პატარა ტიპის ქალაქში, ოღონდ თბილისთან ახლოს.
აი მაგალითად სადმე ბაგებში რომ იყოს.
და თავისი რომ ჰქონდეს ამ ქალაქს ყველაფერი.
მმართველობა (გამგეობის ტიპის)...
სადგური (ისეთივე მოწესრიგებული, როგორიც სენაკისაა)
კულტურული ობიექტები (კინო, თეატრი, საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო დარბაზები)
მაღაზიები (ჯეოსელისა და მაგთის მაღაზიები დავინახე, ანათებდნენ, დანარჩენები არის თუ არა, არვიცი, დილის 5 საათზე ისედაც დახურული იქნებოდა.)
მგზავრი მალევე გვიჯდება და ჩვენც გამოვდივართ. იქვე ვგრძნობ ბორბლებქვეშ რკინებს, ეს რელსებია. მე ვხვდები, რომ ისევ ჰიპნოზში ვარ და ამიტომაც მინდა დავიძინო. მაგრამ საშინლად მოუხერხებლად და ვიწროდ ვზივარ. მინდა, რომ მძღოლმა თავისი სკამი გაწიოს, მაგრამ ეგეც მერიდება, არადა ფეხები არ მეტევა. მე მაპატიეთ, მაღალი ვარ.
თავად მგზავრი კი რასაც ჰქვია "ჯგარჯგალა" მეგრელი. ჯგარჯგალი როგორ არის ქართულად, არვიცი. საუბარი კი არა, აი რაღაც ძალიან უსიამოვნო საუბარი, რომელიც ყურს გიხვრიტავს. ტან სენაკური მეგრული მაინც უფრო სოფლურია, ვიდრე ზუგდიდური, ფოთური. საშინელი აქცენტით, მახვილებითა და ინტონაციებით.
მინდა ვუთხრა: "ჭიჭე ხანს გაჩენდ, ვე შემლებ თეზმა დო თეცალь ჯგარჯგალь" ("ცოტა ხანი გაჩერდით, არ შემიძლია ასეთი და ამდენი ლაყბობა)
მაგრამ მე ისევ ხმას არ ვიღებ.
ვიღებ ფოტოაპარატსა და სურათებს, მიყვარს ის გძელი ხეივანი.
იქითაც რომ ჩავდიოდი და ამ ხეივანში შევიდა ავტობუსი, რაღაცნაირი სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.
სურათები ულამაზო გამოდის, რადგან მანქანა ჩქარა მიდის.
თეთრად რაც მოსჩანს, ის წესით მაღალი, თეთრი ლამპიონებია.




ვხვდები, რომ ამ კაცზე დროს ტყუილად დავკარგავ და აჯობებს, დავიძინო.
მარჯვენა ხელისკენ გვერდულად ვიხრები ნახევარი ტანით და ჩემოდანს ვაწვები ზემოდან. დედაჩემიც რაღაცას მაძლევს მოსახურს, დასაფარებელს. მცივა და იმიტომ.
არვიცი როგორ, მაგრამ მეღვიძება. გავჩერდით.
"სად ვართ?" – ისევ დაჰიპნოზებული სახის გამომეტყველებით ვიყურები ხან აქეთ, ხან იქით.
"ქუთაიში ვართ,საჭირო ოთახში ხომ არ გინდა? "
"არა" და ისევ ცალი გვერდით ვემხობი"
ცოტა ხნის მერე ისევ.
"სად ვართ???"
"გორში"
"ვაა, რა მაგარია ასე მალე. კიდევ რამდენი დარჩა???"
"დაახლოებით 1 საათი"
პასუხის შემდეგ იგივე პოზაში ვთავსდები, მაგრამ ვგრძნობ, რომ წელი, ზურგი და კისერი ძალიან მტკივა. კაცმა არ იცის რამდენი საათი ვწევარ ასე მოღრეცილი, ერთ მხარეს გადაწოლილი. მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო.
დედაჩემი მაჯანჯღარებს.
"ქეთუნა გაიღვიძე, უკვე თბილისში შევდივართ."
ვიხედები ფანჯრიდან და ტრასას ვცნობ უკვე მშობლიურს.
"ხო კაი"
და ისევ ვიძინებ.
ისევ დედაჩემი.
"გაიღვიძე უკვე, რა წესია, საკმარისია ნუ."
წარბებს ვღრიცავ უკმაყოფილების გამოსახატავად.
ვაა, უკვე გაგარინის მოედანი.
არადა თითქოს რამდენიმე წუთით ვიძინებდი, მაგრამ აჰა.
არადა მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ძალიან მალე ჩამოვედი. იმიტომ, რომ ძილი არ მეყო და ჩემის მოკლე ჭკუით ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში მეძინა. არადა 5 საათი გამოვიდა. 5–დან 10–მდე.
ვიღვიძებ და ილიასი არ იყოს, "ოყრაყული" სახით ვიყურები. უკვე ჩემი ქუჩა.
იმაზე ათჯერ მეტად დანგრეული და გადათხრილი, ვიდრე წასვლამდე.
უბანიც ისეთი, როგორიც დავტოვე თითქოს.
11–ის 20 წუთია და სახლში შევდგით ფეხი.
11–ზე კი იქ უნდა ვიყო...
გიჟივით ჩავიცვი ოფიციალური ტანისამოსი და გავქანდი.
ამანაც დრო წაიღო.
ვერ მოვასწრებ, ტაქსით უნდა წავიდე.
მივედი, მძღოლს ფული გავუწოდე, საათს დავხედე, ზუსტად 11.
შევედი, ვიკითხე ის ადამიანი, ვინც უნდა გამსაუბრებოდა.
ამიშვეს ზევით და ისიც გამომესაუბრა.
"უი შენ ხარ ქეთი??? რამდენიმე წუთი შეგიძლია დამელოდო???"
"დიახ, რათქმაუნდა" და ღიმილი.
დავჯექი მოსაცდელში და ვცდილობ გარემო დავათვალიერო.
მაგრამ უხერხულად, რადგან პირველად ვარ აქ და თან მგონი ვკვდები შიმშილისგან.
წინა დღეს, ზუგდიდში რომ ვისადილე, იმის მერე ლუკმა არ ჩამიდია.
ანუ შუადღის 3–4 საათიდან მეორე დღის 11 საათამდე მშიერი ვარ.
რა "მეგასაუბრება"???
მაგრამ კარგი, ვითმენ as always.
ამოდის თემო...
კიდევ კარგი ერთადერთი ნაცნობი.
ძალიან თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი.
ჩემი ამბებით დაინტერესდა და მეც მოვუყევი რა და როგორ იყო.
მერე ისევ სკამზე ვჯდები და ველოდები.
უკვე იმდენ გასაუბრებაზე ვარ ნამყოფი, რომ საკუთარ თავზე ვხუმრობ უკვე.
"თუ სადმე გასაუბრებაა საჭირო, მე დამიკავშირდით "
ეს მე–6 გასაუბრებაა უკვე. თანაც ერთი და იგივე სამსახურში. ერთი და იგივე პოზიციაზე.
ამასობაში ინტერვიუერი მოდის, ერთ–ერთ კოლეგას უხმობს და გასაუბრება იწყება.
"აბა მოგვიყევი შენს შესახებ"
ყველანაირ კითხვას ველოდი და ამას არა.
საშინლად მეზიზღება რაღაცის მოყოლა.
რაიმე უბრალო ამბავსაც რომ ვყვები ხოლმე, იმასაც ისე არეულად ვყვები, რომ მე თვითონ ვერ ვგებულობ სად იყო თავი და სად იქნება ბოლო.
ბლოგშიც ანალოგიურად არეულად და გაუგებრად ვწერ, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია ნორმალურად.
სასწაულად დავიძაბე.
გოგო და ბიჭი მიყურებენ მომღიმარი სახეებით, მე კი ვცდილობ "ჩემს შესახებ"–ი აზრებად შევკრა, აზრები – სიტყვებად, სიტყვები – წინადადებებად, წინადადები – გადმოვცე. თანაც გადმოცე ისე, რომ მათ მეც მოვეწონო, ჩემი "ჩემს შესახებ"–იც, ჩემი გადმოცემის უნარიც და საუბრის მანერაც.
"ღმერთო, კითხვებს რატომ არ მისვამენ??? ნეტავ კითხვები დაესვათ" – მწარე აზრი მიტრიალებს თავში. მინდა იატაკი გასკდეს, რომ ჩავვარდე და ამოვისუნთქო;მინდა ავორთქლდე;მინდა ვინმემ კარი შემოაღოს და რომელიმეს დაუძახოს. მაგრამ ჩამოთვლილთაგან არცერთი ხდება.
"პირველ რიგში მე ვარ ქე..." – ვიწყებ.
მაგრამ ჩემი აზრები სრულიად სხვაგან არიან,ვნერვიულობ, რომ არ შემიძლია საუბარი.
შიგნით მუცელი მტკივა.
რადგან უჭმელი ვარ.
წელი მტკივა.
რადგან გზაში ცივი ჰაერი მიბერავდა მანქანის უკანა სკამიდან.
ზურგი და კისერიც მტკივა.
რადგან საშინელი მოღრეცილი მეძინა მთელი გზა.
თვალები მტკივა.
რადგან რასაც გზაში ვაკეთებდი, იმას "ძილი" არ ერქვა. მაგას "მაზოხიზმი" და "სადიზმი" ერქვა.
საუბარი გრძელდება.
კიარადა, რა საუბარი.
გრძელდება ჩემი მონოლოგი.
ძლივს მეშველა და ბიჭმა კითხვეის დასვა დაიწყო.
მეც ცოტა ამოვისუნთქე.
"თემოს საიდან იცნობ???" – გამჭოლი მზერით მეკითხება. თითქოს მისი თვალებში იკითხება – "თემოს რა პონტში იცნობ??? "
მეც თითქოს საკუთარი თავის გამართლების მიზნით ვეუბნები სად და როგორ გავიცანი თემო.
ორივე საკმაოდ კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ, მაგრამ მე ძალიან დაძაბული ვარ და ვნერვიულობ. მეშინია, ამან ცუდად არ იმოქმედოს ამ ყველაფერზე.
"კარგი ქეთი, მე რამე განსაკუთრებული ჩამჭრელი შეკითხები არ მაქვს."
ოფიციალური ღიმილი, თითქოს ხუმრობაა და "არა, რა სისულელეა."
"ჩვენ კიდევ 1–2 გოგოს გავესაუბრებით და თუ რამეა, თეო(ის გოგო, ვინც მე დამიკავშირდა ზუგდიდში) შემოგეხმიანება.)ამას სადღაც ორი დღე დასჭირდება სასიამოვნო იყო შენი გაცნობა."
ისევ ღიმილები.
წამოვედი. წავედი ძველ სამუშაო ადგილას. იქ ძალიან თბილად დამხვდნენ. თურმე იქაურ თანამშრომელს გაუწევია ჩემთვის რეკომენდაცია. ვეუბნები, რომ ძალიან ვნერვიულობდი. იქ კი ჩემი ორივე ინტერვიუერი აქეს, არ არიან ისეთები, როგორიც მე მეგონა.
იგივე დღე. საღამო. კომპიუტერთან ვზივარ.
ზარი. თეონა.
"ქეთი, ზეგიდან უკვე ივლი."
ამოვისუნთქე.
ხოდა დავდივარ.
არაჩვეულებრივი ხალხი, არაჩვეულებრივი სიტუაცია, სიმყუდროვე, სიწყნარე. არ მიყვარს ყაყანი, ადვილად ვიღლები და ვღიზიანდები, და გულიც მიცრუვდება. აქ კი ისეთი სიწყნარეა, ისეთი...
შეიძლება ვიღაც შემოვიდეს და იმან ატეხოს ერთი ამბავი, იხმაუროს, ალიაქოთი დააყენოს, მაგრამ მე სხვა სიწყნარეზე მაქვს საუბარი. მშვიდი და წყნარი, კეთილგანწყობილი სიტუაცია სუფევს და თავს ძალიან კარგად გრძნობ.
როდემდე???
სანამ ის გოგო, რომელიც 2 დღის წინ გავიცანი, დეკრეტიდან არ გამოვა. ანუ 4 თვე.
4 თვის მერე რა იქნება, არვიცი.







eyes closed

რაღაც ისეთი სურათია, რომ მამშვიდებს.
ანუ ჩვეულებრივ ცუდად ყოფნის დროს კი არ მამშვიდებს, არამედ როცა ყვირილი მინდა, მაშინ.
შევხედავ და მშვიდი ვხდები უცებ.
ხალხი, რომელსაც ძალიან ფეხებზე ჰკიდია "რას იტყვის ხალხი"–ს ფენომენი, და ანუ ძალიან ფეხებზე ჰკიდიათ ჰოლივუდი როგორც ასეთი. თავისი ოსკარებით და Happy End ფილმები.
არც ერთზე მეკეტება ჭკუა და არც მეორეზე.
არც ერთის ფილმებზე და არც მეორის როლებზე.
მაგრამ იმდენად მიყვარს მათი ასეთი "პოხუისტური" დამოკიდებულება, რომ მიყვარს ამის გამო.



მარტოობა მრავლობითში

მამაკაცი ალბათ არ გაჩენილა მარტოობისთვის, მაგრამ სულ მარტოა - დაქორწინებულიც კი მარტოა და მიტოვებულია პლანეტაზე, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში მიქრის 29,79 კმ/წმ სიჩქარით. მამაკაცი იბადება, დარბის ესწრაფვის ცხოვრებას, კითხულობს წიგნებს, დადის კინოში, იტანჯება, საუზმობს, კვდება. ზოგჯერ, ისიც ეჩვენება, რომ სამუდამო ბერბიჭობისთვის არ არის განწირული. ამ დროს, შეიძლება ვინმე შეუყვარდეს, ესე იგი, მოატყუოს ლამაზი ქალი, ასევე, საკუთარი თავიც. აბა, დავაკვირდეთ მოწყალე თვალით: ისე ცდილობს მოხიბლოს ვინმე, გეგონება დეპუტატია და საარჩევნო კამპანია გააჩაღა. ნეტა, თუ ხვდება, რომ დანაპირებს ვერ შეუსრულებს? ამ დროს, იგი თავს ირწმუნებს, რომ ბედნიერია. დაქორწინდება, შვილები გაუჩნდება, ფერად ფოტოებს გადაიღებს და შეეცდება ეფემერის უკვდავყოფას. ამაღელვებელია მისი ღიმილი ამ ფოტოებზე. მკლავებზე გადაუწვენია სულ მთლად ვარდისფერი ჩვილი, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ ისიც, ბოლოს, მარტო აღმოჩნდება. ხელი კი მეუღლისთვის ჩაუკიდია (ნეტა, რატომ - რომ არ გაექცეს, თუ გული რომ გაიმხნევოს?)
იმ დღეს, როცა კაცი აღმოაჩენს, რომ მოტყუვდა, თვალებს ცას მიაპყრობს და ღვარად წამოუვა ცრემლი მზის ქვეშ, რომელიც 152 მილიონი კილომეტრითაა დაცილებული დედამიწას. დაიწყებს მიწაზე ხოხვას, რწყევას - ამ დროს ძალიან საცოდავია. უმორჩილესად გთხოვთ, აპატიოთ ეს ნაკლებად პატივსაცემი ეპიზოდი. მერე, როცა დარწმუნდება, რომ ყველა კაცს მარტოობა აქვს მისჯილი, საღამოობით გასართობად გასვლას დაიწყებს. მართალია, ზოგს მეტი დრო სჭირდება დასარწმუნებლად, ზოგს - ნაკლები, მაგრამ ყველას საბოლოო ხვედრი ასეთია: ხეტიალი ბარიდან ბარში, ქალაქიდან ქალაქში, ქალიდან ქალთან, ვიდეოკასეტების ყურება, ბოლინოს ნახევარფაბრიკატებით კვება, სარკის წინ ცეკვა, თავის მოჩვენება ვინმე სხვად, რამის წარმოება, მაგალითად, იოგურტების ან სუნამოების ან მანქანების ან რომანების, ყველაფერი ეს - იმისთვის , რომ ქალები გააგიჟოს (ამაოდ, რა თქმა უნდა, რადგან ერთადერთი, რაც ქალებს აგიჟებთ, ისაა, რაც არ იწარმოება).
მარტოხელა კაცებს ცუდი სუნი ასდით, რადგან არა ჰყავთ ცოლი, რომელიც დაბანის საჭიროებას შეახსენებდა. უცოლოს ხშირად იმით ამოიცნობ, რომ პირიდან ღვინის სუნი ამოსდის, დაუდევრადაა გაპარსული და მის ამყრალებულ პერანგს ერთი ღილი აკლია. იგი საცოდავია, შესაშური არაფერი აქვს. მხოლოდ ცოლიანს შეიძლება შეშურდეს მისი თავისუფლება, რადგან ვერ ამჩნევს უცოლო კაცის სასოწარკვეთილებას. ღმერთმა ხომ იცის, რომ მხოლოდ სასოწარკვეთილს შეუძლია, ჭამოს „ჰეფი მილ“ ტელევიზორთან კვირა საღამოს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ან სენკლერი მიშელ ფილდმა შეცვალა.
ცოლიანი კაცი უეჭველად ცდება, როცა უცოლოსი შურს, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია. ეს შური მასზე ძლიერია. ოცნებობს, რომ ყველა ქალი მის ფეხებთან დაეცეს, ჰგონია, რომ უცოლოს ირგვლივ ქალები ეხვევიან, რომ ლამაზი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება აქვს, „უიქენდები“ იტალიაში, ალერსიანი სიტყვები, ჩახლართული ფლირტები, ახალ-ახალი პოზები, და „იტინერისის“ ავტომოპასუხეზე მინაზებული ხმით ჩაწერილი დანაბარები. მას აზრადაც არ მოსდის, რომ მარტოხელა კაცები ყოველ საღამოს ხელმოცარულები ბრუნდებიან შინ, იმათ გარდა, ვინც რომელიმე ბოის-ბენდის წევრია (ისიც მაშინ, თუ მოდაშია, რაც დიდხანს არ გრძელდება ხოლმე). საუკეთესო საბუთი იმისა, რომ უცოლოები საცოდავები არიან, ისაა, რომ ქალებს ისინი არ აინტერესებთ: ურჩევნიათ, თავიანთი საუკეთესო მეგობრების ქმრები შეაბან.
პირადად მე ქალთან ერთად ვცხოვრობ, რადგან სუსტი ვარ. ვერც მარტო დარჩენას ვბედავ და ვერც დაქორწინებას. არსებობს ერთგვარი მხატვრული ბუნდოვანების ზონა დეპრესიულ ბერბიჭობასა და მოსაწყენ ქორწინებას შორის: დავარქვათ მას ბედნიერება. დაწყვილება საჭიროა ლაჩრების დასაცავად ამქვეყნიური სინამდვილისგან, რომელსაც წარმოადგენს სიკვდილი, წერს სელინი თავის რომანში „მოგზაურობა ღამის კიდეზე“ (გამომცემელი ორივეს ერთი გვყავს). მაგრამ სიყვარული ის სიცრუეა, რომელსაც კარგი მხარეებიც აქვს, - ვფიქრობ მე ჩემთვის, როცა დელფინს (ავტორის შეყვარებული K8-ის შენ.) მოფერებით ყურზე ვკბენ მთვარის შუქზე, რომელიც 384 400 კილომეტრის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული ჩვენს პატარა მიამიტ თავებს ზემოთ.


(c) ფრედერიკ ბეგბედერი


ეს რომ მე მეთქვა და დამეწერა...
ან თუნდაც ნებისმიერ სხვა ქალს, ალბათ ჩვენი ლანძღვის მეტს არაფერს იზამდნენ მამაკაცები.
მაგრამ ვაი, რომ ასე არაა. :|


:P

mixed up

ჩაყლაპე? ჩაყლაპე? ჩაყლაპეჩაყლაპეჩაყლაპე? ვინ ხართ? რატომ მომიახლოვეთ სახე ზედ ცხვირთან? რას მებლატავებით?მაძლევთ გარანტიას, რომ არ მესიზმრებით? მართლა ასეთი ლამაზი წითელი პირი გაქვთ?მაძლევთ იმის გარანტიას, რომ ეს მართლა თქვენი მაისურია ასეთი ჭრელი თუ მე ამერია თვალები ამდენ სიჭრელეში???მართლა ასე ძლიერ უნდათ თქვენს ტუჩებს ჩემებთან შეხება??? გონივრულია ასეთი საყვარელი იყო, თან 21 წლის და XXXS ზომის მაისური გეცვას? გესმის რაზე მიდიხართ, ასეთი ლურჯი თვალებით ქათინაურებს რომ მეუბნებით?თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ მე არ ვარ ნორმალური??? ხომ არ დაიღალეთ ამდენი სმით??? ხომ არ გინდა არაყი მოვწრუპოთ???

რატომ ვიოფლიანებ ჩემს ხელს თქვენსაში? რატომ მანდომებს თქვენი მუხლები გარდამავალი ზმნების გამოგონებას? ჯერ ის მითხარი, რომელი საათია? იქნებ უკვე ის დროა, როცა მთვარეა ზენიტში და არა მზე??? თუ ეგრეა, იქნებ ჩემთან წავიდეთ??? ცხელ შოკოლადის კეთება იცით??? თუ არ იცით, მე გასწავლით, რომ მერე მე მომიმზადოთ. რა გქვიათ შენ? გინდათ ცოლად გამომყვეთ?როდის იწყებს ადამიანი სინანულს, რომ ამ ქვეყანას მოევლინა? იცი, რომ მშვენიერი თვალები გაქვს, იცი? რატომ ტირით?როდის მაკოცებ? გნებავთ კიდევ არაყი? კიდევ როდის ვიზასაოთ? რატომ აღარ ცეკვავთ? იცით კი ცეკვა საერთოდ??? იცი როგორ უნდა იცეკვოთ ამ მელოდიაზე? და თანაც მაშინ, როდესაც თქვენში ალკოჰოლი თქვენს ორგანიზმში არსებულ წითელ სითხეს შეერია??? ამ გიჯურ მელოდიას ელექტრონული მუსიკა ეწოდება. აა, მე მომიტევეთ, ისედაც იცოდით??? ვინ არის ეს ხალხი? შენი მეგობრები თუ ჩემი მტრები? როდის მოვრჩებით ჩუმად ჯდომას და განთიადის ყურებას ამ ცარიელ კაფეში? არ გაგვაგდებენ ოფიციანტები აქედან??? თუ ჩვენ უნდა გავაგდოთ??? თუ მათი თანდასწრებით ვიჟიმაოთ??? შენ იქნები ზემოდან თუ მე??? ამ სკამზე??? მოუხერხებელი არ იქნება??? თუ შენ სულ ასეთ სკამებზე ჟიმაობ??? ჯერ იქნებ სამზარეულოში შევიპაროთ და რამე ტკბილი ვჭამოთ??? ან იქნებ გარეთ გავიდეთ და იქ შევერწყათ ერთმანეთს??? რატომაა დაკეტილი პრესის ჯიხურები და გამორთული ყველა ვიდეოთამაში? ხომ შეიძლება, უბრალოდ დავშორდეთ ერთმანეთს, თუნდაც გუჩის „ენვის“ რეკლამის წინ? მართლა ვერ ვხვდები, შენ რეალური ხარ თუ უბრალოდ მე „მეარეალურები“. აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, წავედი. მე თვითონ გავიკეთებ ცხელ შოკოლადს.


(c) Frederic Beigbeder and me

ლინკები